Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვაში დაფიქსირდა, რომ არალეგალ მიგრანტებს საზღვრამდე ბელარუსი მესაზღვრეების ავტობუსი მიაცილებდა


საზღვრის პლანშეტი ღამის საათებში მიგრანტებისა და ავტობუსის გამოსახულებით
საზღვრის პლანშეტი ღამის საათებში მიგრანტებისა და ავტობუსის გამოსახულებით

ევროკავშირის საგარეო საზღვრის სააგენტო Frontex-ის თანამშრომლებმა, რომლებიც ლიეტუველ მესაზღვრეებს ეხმარებიან, საზღვარზე ერთობლივი პატრულირების დროს შეამჩნიეს არალეგალ მიგრანტთა ჯგუფი, რომელსაც მესაზღვრეთა ავტობუსი მიაცილებდა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს საზღვრის კონტროლისა და თვალთვალის სისტემით მიღებული გამოსახულებაც.

ვილნიუსი ადრეც აცხადებდა, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

ივლისის ბოლო ევროკავშირმა მოუწოდა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, შეეშვას მეზობელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად არალეგალი მიგრანტების გამოყენებას.

მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს სულ მცირე 3300 მიგრანტი. მათი უმრავლესობა ერაყელია, თუმცა ბელარუსის სახმელეთო საზღვრის გავლით ლიეტუვაში არალეგალურად ჩასულთა შორის საკმაოდ მრავლად არიან ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეები.

მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად ლიეტუვამ 8 ივლისიდან ბელარუსის საზღვარზე 550 კილომეტრი სიგრძის მავრთულხლართების გავლება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG