Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჩხაიძე: დადგა დრო, ვიფიქროთ ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე


ივანე ჩხაიძე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
ივანე ჩხაიძე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით შეზღუდვების შემოსაღებად საჭირო კრიტიკული ზღვარი, როდესაც პაციენტების საავადმყოფოებში მოთავსების პრობლემა დგება, ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა ნიღბის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ღია სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაც:

„ალბათ დრო დადგა, ვიფიქროთ არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებული. ამის უკან უნდა იდგეს ძალიან მკაცრი მონიტორინგი და ძალიან მკაცრი კონტროლი. ინფექციის გავრცელების სწრაფი შეწყვეტის შესაძლებლობა არის მხოლოდ ნიღბის სავალდებულო ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ძალიან ბევრი ქვეყანა დაუბრუნდა ამ რეკომენდაციას, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელმაც მოხსნა ეს ვალდებულება, ისევ უბრუნდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისი თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების შექმნა შეუძლია და აღნიშნული შეზღუდვების გარეშე, ინფიცირების შემთხვევების მატება გაგრძელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების მონიტორინგიც:

„პირველ რიგში უნდა იყოს აუცილებლად მკაცრად გაკონტროლებული ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში. აუცილებლად უნდა იყოს, მაქსიმალურად სიმკაცრით აკრძალული ნებისმიერი თავშეყრა. წვეულება, დაბადების დღე, ბანკეტი. არა აქვს მნიშვნელობა. სარესტორნო სივრცეში, დახურულ სივრცეში კვების პროცესი არის ყველაზე იოლი გადაცემის გზა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტისთვის. ასეთი ღონისძიებები ქვეყანაში უნდა იყოს სასწრაფოდ და კატეგორიულად აკრძალული“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 43 932 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4827 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში 1895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 677 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 523 466 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 165 084.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 428 670 შემთხვევა. მათგან 388 893 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5910 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG