Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" გავრცელებულ ჩანაწერებზე: თქვენ რაზე საუბრობთ, არ ვიცი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" გავრცელებულ სავარაუდო ფარული მიყურადების ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ იცის "რაზეა საუბარი". ეს მისი პირველი კომენტარია ამ საკითხზე, ჩანაწერების გავრცელებიდან კი თითქმის 40 საათი გავიდა.

"სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. თქვენ რაზე საუბრობთ, არ ვიცი. თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია... ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ", - თქვა ღარიბაშვილმა.

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.

"მთავარ არხზე" გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი “რადიო თავისუფლების” გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს. რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, 2020 წლის ზაფხულში, მართლაც ჰქონდა ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან. საუბარი დაუცველ ხაზზე, მობილური ტელეფონის მეშვეობით შედგა.

ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG