Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი პარტიებს მიმართავს, წინასაარჩევნო კამპანია ვაქცინაციის მხარდასაჭერადაც გამოიყენონ


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს, აგიტაციის გზით, აცრების მხარდამჭერი კამპანიის წარმოებაც შეუძლიათ. იგი მიმართავს პოლიტიკოსებს, პროცესში თავიანთი აქტივისტები და ოფისებიც ჩართონ. ომბუდსმენის მიმართვის ობიექტები არიან როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები.

„თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება!

პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში“, - წერს სახალხო დამცველი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. მისი აზრით, ამის პარალელურად საჭიროა სწორი რეგულაციები და სამედიცინო პერსონალის, პედაგოგებისა და სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა. ნინო ლომჯარიას თქმით, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა წაახალისონ თავიანთი დასაქმებული პირების აცრა ან დაეხმარონ მათ რეგისტრაციაში.

„ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკების მითითებით)“, - წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 43 932 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4827 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში 1895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 677 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 523 466 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 165 084.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 428 670 შემთხვევა. მათგან 388 893 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5910 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG