Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანსა და მეუფე ვახტანგს შორის 2 აგვისტოს შეხვედრა გაიმართა - თემა ხელოვნების მუზეუმი იყო


კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 2 აგვისტოს თეა წულუკიანსა და მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის გამართულ შეხვედრაზე. უწყების ცნობით, შეხვედრის თემა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი იყო და მინისტრი ეპისკოპოსთან ერთად მსჯელობდა იმაზე, შერჩეული ორი სივრციდან სად შეიძლება გადავიდეს მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესში ათასობით ექსპონატი, მათ შორის ოქროს ფონდიც.

ამავე დღეს ილია მეორემ წერილით მიმართა კულტურის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს და მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა მოითხოვა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მინისტრისა და ეპისკოპოსის შეხვედრის შემდეგ ოქროს ფონდის დროებით საცავად იდენტიფიცირებულია და შესაძლოა განიხილებოდეს ორი ადგილი:

  • შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი, უკანა კორპუსი, რომელიც, ე.წ. სემინარიის შენობისგან დამოუკიდებელია, მყარია და ის 1980-იან წლებშია აშენებული.
  • სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის შენობის სიმყარე ასევე ეჭვს არ იწვევს.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც, მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად შეიძლება იყოს დაცული, მეორე სივრცე კი, უწყების თქმით, უკვე მზადაა, მაგრამ არასაკმარისი სივრცეა მთელი ფონდის დასატევად.


"შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად.

მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ოქროს ფონდის დაზიანებული ზოგიერთი ექსპონატის რომელიმე სივრცეში გადატანამდე, UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შესაბამისად, პროფესიონალების მიერ მათი დროებითი გამაგრება უნდა განხორციელდეს და ოქროს ფონდის აღწერის პროცესი დასრულდეს",
- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს მსგავსად შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოც.

"გამოითქვა იმედი, რომ, ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული, როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესები" - წერს საპატრიარქო შეხვედრის შესახებ.

დღესვე, თეა წულუკიანმა თქვა, რომ 6 აგვისტომდე მან უნდა უთხრას საზოგადოებას, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ფონდები. გასულ კვირაში მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ამ პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს იმის გამო, რომ ოფიციალური წერილით ითხოვდა პასუხს კითხვაზე, სად გადადის ოქროს ფონდი.

ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად - ინტერვიუ ეკა კიკნაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:10:48 0:00

კულტურის სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს 10-გვერდიანი ევაკუაციის გეგმა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებს 6 ეტაპად გაიტანენ. ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ექსპონატების გადატანის ადგილზე.

ეროვნული მუზეუმი წლების განმავლობაში მუშაობდა ევაკუაციის გეგმაზე და ითხოვდა შენობის დაცლის ნებართვას და გამაგრების სამუშაოებისთვის საჭირო დაფინანსებას კულტურის სამინისტროდან. თეა წულუკიანი უკვე შედგენილ დოკუმენტს ევაკუაციის პროცესისთვის არ იყენებს.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ევაკუაციის გეგმას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის საცავების 6 თვეში დაცლას ითვალისწინებს, კრიტიკულად აფასებს სამი სახელოვნებო ორგანიზაცია და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ამ საკითხზე: ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი თვლიან, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ევაკუაციის გეგმა, არაერთ კითხვას აჩენს, მთავარი საკითხი კი ისაა, რომ 6 თვეში ამ მოცულობის ექსპონატების სხვა ფონდებში გადატანა არარეალისტური და შეუძლებელია.

5 აგვისტოს მუზეუმის შენობასთან საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG