Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე განიხილა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში


საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიროსლავ იენჩამ.

სხდომის შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიის და საფრანგეთის და საბჭოს მომავალი წევრის, ალბანეთის წარმომადგენლებმა.

მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის და რუსეთის სამხედრო ყოფნისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების დაგმობისთვის მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ.

გაეროს უშიშროების საბჭოს ექვსი მოქმედი და ერთი მომავალი წევრის ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის პროვოკაციები, რომლებიც პანდემიის მიუხედავადაც არ შეწყვეტილა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნები, ე.წ. ბორდერიზაცია, ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა, გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მოითხოვენ ირაკლი ბებუას და საქართველოს სხვა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების სასწრაფოდ გათავისუფლებას.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ყურადღებას ამახვილებენ სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2021 წლის იანვარში მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, საკუთარ სახლებში ქართველების დაბრუნებისთვის ხელისშეშლასა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოუძიებლობაზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს ამ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG