Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში 30 დღეში ამოქმედდება ახალი ლგბტ-კანონი ახალი შეზღუდვებით


ბუდაპეშტში ივლისში გამართული "პრაიდის" მონაწილე
ბუდაპეშტში ივლისში გამართული "პრაიდის" მონაწილე

უნგრეთის ხელისუფლების ახალი დადგენილების თანახმად, ივნისში დამტკიცებულ სადავო ლგბტ-კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს დაემატა „ჰომოსექსუალობისა“ და „სექსუალური იდენტობიდან გადახრის“ გამომხატველი პროდუქციის ჩვენება და გაყიდვა ეკლესიებიდან, სკოლებიდან და სხვა საბავშვო დაწესებულებებიდან 200 მეტრის სიახლოვეს.

6 აგვისტოს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო დადგენილება 30 დღეში შევა ძალაში.

უნგრეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯის პასუხად „ამნესტი ინტერნეშენალის“ ბუდაპეშტის ოფისმა 7 აგვისტოს გაავრცელა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სადავოდ ქცეული კანონი „ადრე თუ გვიან მარცხისთვისაა განწირული“.


24 ივლისს ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტის „პრაიდს“ - ღირსების მსვლელობას, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა ლგბტ-თემის მიმართ და პროტესტი გამოეთქვათ კანონის წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი მასალების გამოყენებას, რომელსაც ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევენ.


მარშის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წინ აღუდგნენ სიძულვილს და წინააღმდეგობა გაუწიონ, როგორც ისინი უწოდებენ, "ძალაუფლებას მოწყურებული პოლიტიკოსების" მცდელობებს, დააშინონ ლგბტ-თემის წარმომადგენლები.

უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი ნაციონალისტური პარტია, ფიდესი, აცხადებენ, რომ ლგბტ-თემატიკასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც ბოლო წუთს დაუმატეს კანონს, პედოფილიასთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას და ბავშვების და მათი ოჯახების დაცვას ემსახურება და არ არის მოზრდილი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული.

ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობამ, რომელსაც მომავალ წელს წინ რთული არჩევნები ელის, გაააქტიურა თავისი კამპანია ლგბტ-თემის მიმართ, რათა წარმოაჩინოს საკუთარი თავი ქრისტიანული ფასეულობების დამცველად, მის მიერ დაპირებული დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რაც ასევე მოიცავს მიგრანტებისთვის უნგრეთის გავლით გადაადგილებაზე უარს და კერძო ლიბერალური მედიაინსტიტუტების დახურვას.

ევროპის კომისიამ ივლისის ბოლოს სასამართლო საქმე აღძრა ბუდაპეშტის წინააღმდეგ ახალ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს შემწყნარებლობისა და პიროვნების თავისუფლების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG