Accessibility links

site logo site logo

თბილსერვისის თანამშრომელი: ბოდიში, რომ ჩვენი პრობლემების გამო ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ თბილისელები


"თბილსერვისის" თანამშრომელი, ალექსანდრე ასანიშვილი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად აქციას მართავდა, თბილისის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ახლა უკვე პროტესტი შეწყვიტეს, მერიასთან შეთანხმდნენ და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

"ჩვენ ვართ მშრომელი, პატიოსანი და ღირსება შეულახავი ადამიანები. დილით უკვე სუფთა ქალაქში გაიღვიძეთ... დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო თბილისელებს, რომ ჩვენი პრობლემების გამო დღე-ნახევარი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ. იმედია, რომ გაგვიგებენ, რადგან დილით უკვე სუფთა დავახვედრეთ ეს ქალაქი. დიდი ბოდიში თბილისელებს ჩვენგან", - ამბობს თბილსერვისის თანამშრომელი.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ თბილსერვისის თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულების ეტაპზე იყო, ნაწილი კი, მათ შორის ხელფასი, თბილსერვისის თანამშრომლებს მომავალი წლის იანვრიდან გაეზრდებათ. მერიაში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, თუმცა ხელფასი რამდენი პროცენტით გაიზრდება ჯერ უცნობია.

თბილსერვისის თანამშრომლებმა, რომლების დედაქალაქს ყოველდღიურად ასუფთავებენ, ორი დღის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ კომპანია მათ არ აძლევდა ახალ უნიფორმებს და ითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ნაგვის ურნების შეცვლას, მანქანების შეკეთებასა და ხელფასის მატებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG