Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი რეგიონულ საველე მეთაურებს მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, რომლის მთავრობასაც ძალიან უჭირს თალიბების მიერ ქვეყნის მთელი მასშტაბით წამოწყებული სამხედრო იერიშების მოგერიება, რეგიონში მოქმედ საველე მეთაურებსა და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, რათა მხარი დაუჭირონ მთავრობას „დემოკრატიული სტრუქტურების“ დაცვაში.

ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყნის ეროვნული კატასტროფების ცენტრის ხელმძღვანელმა, გულამ ბაჰაუდდინ ჯაილანიმ, სააგენტო როიტერთან საუბარში აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყნის 34 პროვინციიდან 25-ში მიმდინარეობს ბრძოლები თალიბების სამხედრო რაზმებსა და სამთავრობო ჯარებს შორის.

ორშაბათს თალიბებმა დაიპყრეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კიდევ ერთი, სამანგანის პროვინციის დედაქალაქი, აიბაკი. მანამდე ესტრემისტებმა ხელში ჩაიგდეს სამი პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ყუნდუზი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.

ავღანეთში ბრძოლები 1 მაისის შემდეგ გამწვავდა, როცა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად დაიწყეს იქიდან თავიანთი ჯარების გაყვანა. ჯარების გაყვანის პროცესი სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

გუშინდელი წარმატებების შემდეგ, ამჟამად თალიბანი სრულად ან თითქმის სრულად აკონტროლებს ხუთი პროვინციის დედაქალაქებს. 6 აგვისტოს მათ ხელში ჩაიგდეს სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ნიმროზის დედაქალაქი ზარანჯი და ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია ჯოვზანის დედაქალაქი შებერღანი.

ამ ფონზე, აშშ-ის სპეცწარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი, 10 აგვისტოს ყატარში მოლაპარაკებას იწყებს თალიბებთან, რათა აიძულოს დაჯგუფება, შეწყვიტოს მასშტაბური შეტევითი ოპერაცია და დაიწყონ მოლაპარაკება პოლიტიკური მოწესრიგების შესახებ, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 9 აგვისტოს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG