Accessibility links

site logo site logo

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი: თავისუფალი საწოლების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული


აჭარის კოვიდცენტრებში 9 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, 60 თავისუფალი საწოლი იყო დარჩენილი, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ მიაწოდა. მისი თქმით, აჭარაში კოვიდპაციენტების სამკურნალო საწოლფონდი ამ დროისათვის მინიმუმამდეა დასული, თუმცა მობილიზაციის პროცესი და საწოლების დამატება გრძელდება.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს იყო 60 საწოლი. დეტალებს ვერ გეტყვით, რომელ კლინიკაში რამდენი იყო და ვიცით, რომ საწოლფონდის გაზრდა უკვე მიმდინარეობს, თუმცა არაერთხელ ითქვა, რომ ყველაფრის რესურსი არის საბოლოოდ ამოწურვადი. მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამაზე მუშაობა არ მიდის“, - უთხრა ჟურნალისტებს ნონა ეფაძემ. მას შეკითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ფოტოებზეც, რომლებშიც ჩანს, რომ პაციენტები დერეფანში არიან განთავსებულები. ნონა ეფაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, როგორც მას განუმარტეს, ფოტოებზე სავარაუდოდ ასახულია პაციენტების დროებითი დაყოვნების პროცესი, საწოლების გათავისუფლებამდე.

ნონა ეფაძის თანახმად, ამ დროისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევების 15 პროცენტია მოთავსებული, 25 პროცენტი მკურნალობას კოვიდსასტუმროებში გადის, დანარჩენების მართვა კი ბინაზე ხდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG