Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის სასამართლომ არ მიიღო ალექსეი ნავალნის სარჩელი დმიტრი პესკოვის წინააღმდეგ


დმიტრი პესკოვი

მოსკოვის სასამართლომ სამშაბათს უკუაგდო ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სარჩელი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის წინააღმდეგ, რომელშიც ის თავისი ღირსების დაცვას მოითხოვს. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ იუწყება სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. დეტალებს არ იტყობინებიან.

ნავალნი, რომელიც კოლონიაში იხდის პატიმრობას, მოითხოვს, სასამართლომ ცნოს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პესკოვის სიტყვები დასავლეთის სპეცსამსახურებთან მისი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა კომენტარი გააკეთა ნავალნის განცხადებებზე, რომლებიც მან გააკეთა გერმანიაში, სადაც ის რუსეთში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. კერძოდ, პესკოვმა თქვა, რომ ნავალნისთან „CIA-ის სპეციალისტები მუშაობენ“ და „ყველაფერი, რასაც ის ახმოვანებს, არის ის, რასაც მას პირში უდებს ეს ორგანიზაცია“ და „უკეთესი იქნება, თუ ეს ორგანიზაცია ჩვენთან მისი გზით კი არ აწარმოებს დიალოგს, არამედ პირდაპირ თავის კოლეგებთან - სვრ-სთან, გრუ-სთან და სხვა სპეცსამსახურებთან“. ნავალნიმ განაცხადა, რომ პესკოვმა ტყუილი თქვა, მან სასამართლოში იჩივლა და ამ სიტყვების უარყოფა მოითხოვა.

2020 წლის დამდეგს, მას შემდეგ, რაც ნავალნიმ ინტერვიუ მისცა Der Spiegel-ს და განაცხადა, რომ მისი მოწამვლისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, პესკოვმა ოპოზიციონერის სიტყვებს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და თქვა, რომ კრემლი კომენტარს აღარ გააკეთებს ნავალნიზე. პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე თქვა, რომ მას ეზიზღება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მსოფლმხედველობა.

საკუთარი ღირსების დაცვის შესახებ პირველი სარჩელი ნავალნიმ 2020 წლის ნოემბერში შეიტანა, მაგრამ სასამართლომ ის უკან დაუბრუნა შესწორებების შესატანად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG