Accessibility links

site logo site logo

თბილისის საველე ჰოსპიტალი 500-მდე კოვიდპაციენტის მიღებას შეძლებს


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში ყოფილი ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე გახსნილი საველე ჰოსპიტალი საჭიროების შემთხვევაში 500-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს, თუმცა, მისი სიტყვებით, სავალე ჰოსპიტლის გამოყენება იქნება უკიდურესი ზომა.

"ჩემი ყველაზე საყვარელი კითხვაა, როცა მეკითხებიან, დაგვიანებულია თუ არა რაიმე ქმედების განხორციელება და არ არის დაგვიანებული ნამდვილად. საველე ჰოსპიტალში გაიშლება 500-მდე საწოლი პაციენტებისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი, მოწყობილია ყველა ინვენტარი და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისთვის, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია 5-ტონიანი 2 ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდმართვის პირობებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ქუთაისში, იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, კოვიდ-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს ხვდება.

რაც შეეხება ექიმების მზადყოფნას და საუბრებს სამხედრო ექიმების ჩართვის შესახებ, მისი თქმით, სამხედრო საველე ჰოსპიტლებში მომსახურებისთვის ექიმების მომზადება არ ხდება, თუმცა „ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღესდღეობით არის პრაქტიკოსი ექიმი, მათ იმ პერიოდში აქვს განათლება მიღებული, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და, შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება“. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არიან სამხედრო წოდების მქონე ექიმები, რომლებიც ჩართული არიან პროცესში, თუმცა ამ ექიმების ჩართვა და საველე ჰოსპიტალში მუშაობა არ წარმოადგენს გეგმას.

„ვინაიდან ამისთვის განხორციელებულია უკვე დამატებითი სამუშაო და სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებიც საკმარისი კვალიფიკაცით, პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს ასევე კომუნიკაცია „წითელ ჯვართან“, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება როგორც მოხალისეების კუთხით, ასევე მათ მუდმივ თანამშრომლებთან და აქედან გამომდინარე მოქალაქეები იქ მიიღებენ იმ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გააკეთებენ ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული, პაციენტების და ექიმების ინტერესებიდან გამომდინარე.

„რომ, მათი კომფორტიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება, კითხვაზე პასუხად, არის თუ არა ეს დაგვიანებული - არ არის დაგვიანებული, ეს არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი სიტყვებით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ არცერთი პაციენტის მომსახურება საველე ჰოსპიტალში არ გახდეს საჭირო.

48 საათში თბილისში მოხერხდა საველე ჰოსპიტლის გახსნა, მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში რეგიონებშიც მოეწყობა ჰოსპიტლები დროულად, თუმცა იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. აგვისტოს დასაწყისიდან გარდაცვლილია 616.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 730 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2676 შემთხვევა. ბოლო დღე-ღამეში 4119-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, იკლებს და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია კორონავირუსის ახალი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვიც. გასული კვირის სამუშაო დღეებში, როცა 24 საათში მინიმუმ 44 ათასი და მაქსიმუმ 52 ათასზე მეტი ტესტი კეთდებოდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს აჭარბებდა.

საქართველო ამჟამად განიცდის კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე ტალღის დარტყმას. წინა ტალღებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი. დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 16 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 10.4%;
  • ბოლო 7 დღის - 11.09%;
  • ბოლო 14 დღის - 10.47%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გუშინ 15 აგვისტოს, აიცრა 14 784 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 806 681 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 238 871.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 484 254 შემთხვევა. მათგან 425 651 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6436 ადამიანი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG