Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგმა თალიბანი გააფრთხილა, არ დაუშვას ავღანეთის კვლავ ქცევა ტერორიზმისთვის ნაყოფიერ ნიადაგად


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 17 აგვისტო.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, 17 აგვისტო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თალიბანი გააფრთხილა, რომ დაჯგუფებამ არ უნდა დაუშვას ავღანეთის კვლავ ქცევა ტერორიზმის აყვავების ნაყოფიერ ნიადაგად.

„იმათ, ვინც ახლა ძალაუფლებას იღებს ხელთ, პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა კვლავ არ მოიკიდონ ფეხი“, თქვა სტოლტერბერგმა ბრიუსელში 17 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატომ გაიყვანა ავღანეთიდან თავისი ძალები, ალიანსი მზად იქნება და თვალს მიადევნებს, ხომ არ ხდება იქ ტერორისტული გაერთიანებების გადაჯგუფება და დასძინა, რომ ნატოს შორიდან შეუძლია დარტყმის განხორციელება.

სტოლტენბერგის სიტყვებით, ნატო განაცვიფრა თალიბანის გამარჯვების სისწრაფემ, მაგრამ მან ავღანეთის ლიდერებს დასდო ბრალი „ტრაგედიისთვის“. ამით მან გაიმეორა ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება.

„ავღანეთის უშიშროების ძალების ნაწილი მამაცურად იბრძოდა. მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ქვეყნის დაცვა, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო გაეწია თალიბანისთვის წინააღმდეგობა და მიეღწია მშვიდობიანი გამოსავლისთვის, რაც ასე სურთ ავღანელებს“, თქვა მან.

„ავღანეთის ხელმძღვანელობის ამ შეცდომამ გამოიწვია ტრაგედია, რომლის მოწმეებიც ვართ“, დასძინა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ნატოს მიზანი იყო სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობაში დახმარება და არა იქ მუდმივად ყოფნა.

პრესკონფერენციაზე ავღანელმა ჟურნალისტმა ქალმა, რომელიც ტიროდა, შიში გამოთქვა ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის გამო და ნატოს შეევედრა, არ აღიაროს თალიბანი. ამის საპასუხოდ სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ დასავლეთი შეეცდება, აიძულოს თალიბანი, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG