Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშრაფ ღანი: ღრმა პოლარიზება და ავღანეთის დაცემის ზედამხედველობა


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, 4 აგვისტო, 2021 წ.
ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, 4 აგვისტო, 2021 წ.

ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული აიღო, ღრმა პოლარიზების მიზეზი და უკმეხი ფიგურა იყო. მმართველობის ამ სტილის გამო მას ჩამოშორდნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები და ავღანეთის უშიშროების ძალების დაშლაც გარდაუვალი გახდა.

როცა თალიბანის ათასობით მებრძოლმა ქაბულს ალყა შემოარტყა, ქალაქი შიშმა და პანიკამ მოიცვა. ხალხი ელოდა სისხლიან შეტაკებებს და დამთრგუნველი ცხოვრების დაბრუნებას ისლამისტური დაჯგუფების მმართველობის ქვეშ.

გადაჭედილ ქუჩებში ქაოსისა და ქაბულის აეროპორტის დრამატული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანი სამთავრობო და პოლიტიკური ლიდერები თალიბანთან დაძაბულ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულნი ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის შესახებ.

თუმცა პრეზიდენტი აშრაფ ღანი არსად ჩანდა.

მისი მინისტრები სასოწარკვეთილი ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. დამარცხებული ავღანელი ლიდერი რამდენიმე საათით ადრე ჩუმად გაიპარა ქაბულის ცენტრში მდებარე თავისი სასახლიდან უახლოეს ხალხთან ერთად და უცნობ ქვეყანაში მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა თავის ქვეყანაში არეულობისგან თავის დასაღწევად.

ღანი, რომელმაც სულ რამდენიმე დღით ადრე პირობა დადო, რომ ქვეყანას არ დატოვებდა, უცერემონიოდ გაიქცა 15 აგვისტოს, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს.

მან თავისი კაბინეტის უმნიშვნელოვანეს წევრებსაც კი არ გაანდო ინფორმაცია ამის შესახებ - თავდაცვის მინისტრის, ბისმილა ხან მოჰამადის ჩათვლით.

"მათ ხელ-ფეხი შეგვიკრეს და ქვეყანა გაყიდეს", დაწერა მოჰამადიმ ტვიტერზე მაშინ, როცა გაოგნებულმა ოფიციალურმა პირებმა შეიტყვეს, რომ მათი მთავარსარდალი ქვეყნიდან გაიქცა.

"ღმერთი დაწყევლის ღანის და მის ბანდას", - თქვა მოჰამადიმ, რომელიც გულისხმობდა პრეზიდენტთან დაახლოებულ ორ უახლოეს პირს - ეროვნული უშიშროების საკითხებში მის მრჩეველს, ჰამდულა მოჰიბსა და ფაზელ ფაზლის, ღანის კანცელარიის უფროსს - რომლებიც მასთან ერთად გაიქცნენ.

აბდულა აბდულამ, მისმა ძველმა მეტოქემ და რანგით მეორე პირმა მთავრობაში, განაცხადა, "ღმერთმა უნდა აგებინოს მას პასუხი".

გაქცევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ღანიმ ფეისბუკში თავის გვერდზე დაწერა, რომ მან დატოვა ქვეყანა, რათა თავიდან აეცილებინა "ნიაღვარი სისხლისღვრის შემდეგ". ზოგიერთი ცნობის თანახმად, ის ჯერ ტაჯიკეთში თუ უზბეკეთში გაფრინდა - თუმცა ეს ორივე ქვეყანამ უარყო - სანამ მესამე, უცნობ, ქვეყანაში გაემგზავრებოდა. მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო 17 აგვისტოს საღამოსთვის.

ქაბულიდან ღანის გაქცევით, მაშინ როცა ქალაქი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გადავიდა თალიბანის ხელში, დასრულდა შვიდი წელიწადი.

ღანი (მარცხნივ) თავის დიდი ხნის მეტოქესთან, აბდულა აბდულასთან ერთად, ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში. ქაბული, 28 ივლისი, 2021 წ.
ღანი (მარცხნივ) თავის დიდი ხნის მეტოქესთან, აბდულა აბდულასთან ერთად, ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში. ქაბული, 28 ივლისი, 2021 წ.

ანალიტიკოსების თქმით, 72 წლის ღანის უკმეხ ფიგურას, ასევე მმართველობის მის სტილს, რამაც ღრმა პოლარიზება მოიტანა, მოჰყვა მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების ჩამოშორება და ავღანეთის უშიშროების ძალების დაშლა, მთავრობის დაცემა.

მას მერე, რაც 1 მაისს დაიწყო უცხოეთის ჯარების საბოლოო გასვლა, თალიბანმა სწრაფი და მიზანმიმართული სამხედრო იერიში წამოიწყო და ქვეყნის დიდი ნაწილი დაიკავა. თალიბანის მეომრებმა სულ რაღაც ერთ კვირაში დაიპყრეს ქვეყნის ბევრი ქალაქი, რომელთა სამთავრობო ძალები ან ნებდებოდნენ, ან უკან იხევდნენ.

"მისმა არაპოპულარულმა მმართველობამ - დაყოფისთვის ხელის შეწყობამ - გავლენა იქონია ომის წარმართვასა და დაგეგმვაზე", - განაცხადა ალი ადილიმ, ქაბულის დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის "ავღანეთის კვლევის ქსელის" თანამშრომელმა.

ღანიმ რამდენჯერმე მოხსნა და შეცვალა ქვეყნის უშიშროების უწყებების ხელმძღვანელობა. მან აგრეთვე, გვერდზე გასწია უმნიშვნელოვანესი გავლენიანი პირები, მათ შორის სარდლები, რომლებიც პროვინციებს განაგებდნენ, განსაკუთრებით ავღანეთის ჩრდილოეთში.

"უკანასკნელ კვირებში თალიბანისთვის წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა ჩრდილოეთ პროვინციებში ნაწილობრივ გამოიწვია ღანის მიერ უმნიშვნელოვანესი გავლენიანი ფიგურების ხელისუფლებისგან ჩამოშორებამ და ადგილობრივი სტრუქტურების დასუსტებამ", - განაცხადა ჰამედ ჰაკიმიმ, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის მკვლევარმა.

აღზევება და დაცემა

ღანი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ხელისუფლებაში მოვიდა 2014 წელს, როცა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის დროსაც, ბრალდებებით, მოხდა დარღვევები და ხმების გაყალბება.

ღანის, ეთნიკურად პუშტუნს, აღმოსავლეთის - ლოგარის პროვინციიდან, ყოველთვის გააჩნდა კვალიფიკაცია ავღანეთში უმაღლესი პოლიტიკური პოსტისთვის. ის მუშაობდა მსოფლიო ბანკსა და გაეროში და წიგნიც კი დაწერა იმის შესახებ, როგორ უნდა აღზევდეს წარუმატებელი ქვეყნები.

მაგრამ მას აკლდა ფართო მხარდაჭერა თავისი მეტოქეების მხრიდან და ხანგრძლივმა ცხოვრებამ შეერთებულ შტატებში მას ასევე დაუმკვიდრა რეპუტაცია იმ ადამიანისა, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი უბრალო ავღანელებთან.

მან თავის გარშემო შემოიკრიბა დასავლეთში განათლებამიღებული მრჩევლები და ქვეყნის შიგნით იზოლაციაში მოექცა: არ ჰქონდა კონტაქტი საკვანძო ძალებთან.

ღანის ასევე ადანაშაულებდნენ ეთნიკურ მიკერძოებულობასა და დაძაბულობის გაღვივებაში ქვეყნის ბევრ ეთნიკურ ჯგუფს შორის.

ჰაკიმი ახასიათებს ღანის როგორც "კლასიკურ ავღანელ პოპულისტს", რომელიც იმას ამბობდა, რაც მისი აზრით, მის აუდიტორიას სურდა მოესმინა.

"მისი ზედაპირული პოპულიზმი, ნაწილობრივ, იყო მისი ქედმაღლობა, როგორც ადამიანისა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მას ჰქონდა აკადემიური და ანთროპოლოგიური გაგება იმ საზოგადოებისა, რომლის მართვაც სურდა", - თქვა მან.

თალიბანის ლიდერები პრეზიდენტის სასახლეში, ქაბული, 15 აგვისტო, 2021 წ.
თალიბანის ლიდერები პრეზიდენტის სასახლეში, ქაბული, 15 აგვისტო, 2021 წ.

"ის ასევე იყო ფიცხი პრეზიდენტი, რომელსაც უნარი არ შესწევდა, გაეკონტროლებინა თავისი ხასიათი ან თავისი სიტყვები, როცა დგებოდა ფაქტების წინაშე, რომლებსაც ის არ ეთანხმებოდა, ან კიდევ უფრო უარესი: როცა გამოწვევის წინაშე იდგა", - დასძინა ჰაკიმმა.

თორეკ ფარჰადიმ, მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, რომელიც ღანისთან მუშაობდა, პრეზიდენტი დაახასიათა, როგორც "საკუთარ თავში დაურწმუნებელი" ლიდერი, რომელსაც არ სურდა კომპრომისზე წასვლა ან ძალაუფლების დათმობა.

"მისი პოლიტიკური ნაბიჯები გათვლილი იყო ძალაუფლების შენარჩუნებაზე", თქვა ფარჰადიმ. "ამ პროცესში მას ჩამოშორდა ბევრი აქტიური პირი, იქნებოდნენ ეს ტრადიციული ლიდერები თუ ტექნოკრატები".

ხალხს "მშვიდობის შესაძლებლობა მოჰპარა“

ღანიმ უარი თქვა ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმების პირობების დაცვაზე, რომელსაც მან ხელი მოაწერა აბდულასთან, თავის მეტოქესთან ერთად 2014 წლის არჩევნებში, რასაც მოჰყვა ეროვნული ერთობის უზარმაზარი მთავრობის შექმნა, რომელსაც ახასიათებდა მწვავე უთანხმოებები და დაპირისპირებები.

ღანიმ გაიმარჯვა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც რეკორდულად ცოტა ავღანელმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების დროს მოხდა დარღვევები. უცხოელი და ავღანელი გავლენიანი პირები თხოვნით მიმართავდნენ მას, გადაედო არჩევნები თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.

2018 წელს შეერთებულმა შტატებმა, ყატარში, ავღანეთის მთავრობის დაუსწრებლად, პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო თალიბანთან. თვრამეტი თვის შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელმაც გზა გაუკვალა უცხოეთის ჯარების გაყვანას ავღანეთიდან.

ამ შეთანხმებამ ძირი გამოუთხარა ღანის მთავრობას, რომელიც არ იყო შეთანხმების მხარე. ის ასევე ავალდებულებდა მის ადმინისტრაციას, გაეთავისუფლებინა 5000 თალიბი მებრძოლი. ღანი თავიდან წინააღმდეგი იყო მასობრივი გათავისუფლების, მაგრამ უხალისოდ მიიღო ის და ისე შეაფერხა დაპატიმრებულთა გათავისუფლება, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები თვეობით გაჭიანურდა.

როცა 2020 წლის სექტემბერში შიდაავღანური მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყო, კრიტიკოსებმა ღანი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის აფერხებდა და ძირს უთხრიდა სამშვიდობო პროცესს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, ღანი უკვე ზედამხედველობდა არა მშვიდობას, არამედ 20-წლიანი დემოკრატიული მმართველობის დასასრულს, მაშინ როცა თალიბანმა ძალაუფლება ხელში აიღო ქაბულში.

"ღანი ისტორიაში შევა როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ავღანელ ხალხს მოჰპარა მშვიდობის შესაძლებლობა", თქვა ფარჰადიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG