Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის ვარაუდით, 12 წლიდან მოზარდების აცრა შემოდგომიდან დაიწყება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ძლიერი მარეგულირებლების რეკომენდაციის შემდეგ შეძლებს საქართველო 12 წელზე ზემოთ ასაკის მოზარდების აცრას. მისი ვარაუდით, ეს შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.

„ვადასტურებ, რომ ეს მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც იგივე იხილება. ბევრმა ქვეყანამ აცრა დაიწყო თავისი მარეგულირებლების დასკვის საფუძველზე და ცრიან 12 წლის და ზემოთ ასაკის მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“. რადგან კლინიკური კვლევები ამ ასაკში ამ ვაქცინების გამოყენებასთან დაკავშირებით დიდი ხანია დასრულებულია და საკმაოდ ეფექტურია. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ძლიერი მარეგულირებლების გადაწყვეტილებები იქნება, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ, თანდათან, ამ ასაკის [მოზარდების] აცრებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ფეისბუკლაივში, შესაბამისი კითხვის პასუხად.

საქართველო ამჟამად განიცდის კორონავირუსის ეპიდემიის ყველაზე მძიმე ტალღის დარტყმას. წინა ტალღებთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების და ინფიცირების მაჩვენებელი. დაავადებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ასევე შესაძლებელია:

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (მისამართი: წინანდლის N19).
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00-მდე შესვენების გარეშე
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან - 17:30-მდე

  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია 4 ვაქცინით, ესენია: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფრამი" და "სინოვაკი".

18 აგვისტოს მონაცემებით

  • ჯამურად ჩატარდა 857 056 აცრა.
  • სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი
  • 17 აგვისტოს აიცრა 25 241 პირი

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი გარდაიცვალა. 1 აგვისტოდან ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილია 700-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG