Accessibility links

site logo site logo

თელავში ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი იწყება


წუთი-წუთზე სხდომა უნდა დაიწყო თელავის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოსამართლე თამარ კაპანაძე ოლიმპიური ჩემპიონისთვის, ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის გადმოწევა ზვიადაურის ადვოკატებმა მოითხოვეს, რაზეც თანხმობა მიიღეს.

ერთ-ერთი ადვოკატი კახა ცნობილაძე ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ ზვიადაურისთვის გირაოს შეფარდების, ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

მისივე თქმით, სასამართლო სხდომის გადმოწევის მთავარი მიზეზია, ის რომ ზურაბ ზვიადაურმა ძმის დაკრძალვაზე დასწრება შეძლოს. პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში ოლიმპიური ჩემპიონი ბადრაგის თანხლებით შეძლებს დაკრძალვაზე მისვლას.

ასევე დღეს, 18 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ სურვილი გამოთქვეს, თავდებად დაუდგნენ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, თუმცა დღეს საღამოს ადვოკატმა კახა ცნობილაძემ რადიო თავისუფლებასთან დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე რადგან ლაშა ტალახაძე საქართველოში არ იმყოფება, ის თავდებობის დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერს. ამიტომ დღევანდელ პროცესზე ზვიადაურს თავდებში დაუდგება ოლიმპუირი ჩემპიონი ლაშა ბექაური.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG