Accessibility links

site logo site logo

ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელიც ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, ავღანელებს ფეისბუკით მიმართა და განაცხდა, რომ კონსულტაციებს აწარმოებს სამშობლოში დასაბრუნებლად, რათა გააგრძელოს ავღანელებისთვის სამართლიანობის აღდგენის ძალისხმევა.

ღანი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყანა უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დატოვა, დარჩენის შემთხვევაში კი, სისხლისღვრის მოწმე გახდებოდა. აშრაფ ღანი უარყოფს, რომ სამშობლოდან მილიონობით დოლარით გაიქცა. პრეზიდენტის თქმით, ავღანეთში დატოვა მისი აქტივები და კონფიდენციალური დოკუმენტები.

ავღანეთის ელჩმა ტაჯიკეთში მუჰამედ ზოჰირ აგბარმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ აშრაფ ღანიმ ხაზინიდან გაიტაცა 169 მილიონი დოლარი, მისი გაქცევა კი, სახელმწიფოს და ერის ღალატია.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი 15 აგვისტოს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქაბულზე კონტროლი დაამყარა რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა. სამი დღის განმავლობაში ღანის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 18 აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშრაფ ღანი და მისი ოჯახის წევრები საამიროებმა მიიღო ჰუმანიტარული მოსაზრებების საფუძველზე.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG