Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტიდან გამოფრენას ელიან


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აეროპორტში მყოფები უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან გამოფრენას. საუბარია 16 მოქალაქეზე.

აეროპორტში ყოფნის დამადასტურებელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემაც.

გერმანიის დახმარებით, ქაბულიდან ევაკუირებულია საქართველოს ორი მოქალაქეც, რომლებიც ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდნენ. მანამდე, უნგრეთის სპეცრეისით ქაბულიდან თბილისში დაბრუნდა ამერიკულ კომპანიაში დასაქმებული 6 ქართველი.

ქაბულის აეროპორტამდე მისვლა უკიდურესად გართულებულია, რადგან თალიბებს გზები ჩაკეტილი აქვთ.

სააგენტო Reuters-ი ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ხუთ დღეში, ქაბულის აეროპორტიდან ევაკუირებულია 18 000-ზე მეტი ადამიანი.

ავღანეთიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა 20 წლის წინ დაკარგული ძალაუფლება დაიბრუნა. დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ, საკუთარ მოქალაქეებთან ერთად ქაბულიდან გაიყვანონ ავღანელები, რომლებიც აშშ-თან, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ, ან ავღანეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ. ცნობები მათზე თალიბების შურისძიების დაწყების შესახებ, ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება.

თალიბანმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისიდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

თალიბანმა, რომლის რეჟიმი 2001 წელს დაემხო ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, ძალაუფლება მას შემდეგ დაიბრუნა, რაც ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის მეთაურობით. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება ამ გაზაფხულზე მიიღო, რის შემდეგაც "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" ჩართული სამხედროები გაიწვიეს ნატოს სხვა სახელმწიფოებმაც და ალიანსის პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის იყო საქართველო, რომელმაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთიდან გაყვანა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG