Accessibility links

site logo site logo

ომბუდსმენი პანდემიის მართვაზე: ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ადამიანების სიცოცხლე


სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ომბუდსმენი ხელისუფლების პოლიტიკის სამ მთავარ ასპექტს გამოყოფს:

„ეს პოლიტიკა გულისხმობდა: ა. საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას; ბ. კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით; გ. აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით“, - წერს ნინო ლომჯარია.

მისი ფეისბუკპოსტი ეხმაურება 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას 74 პაციენტის გარდაცვალების შესახებ.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე „ოპოზიციის პოლიტიკა იყო, ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა“; ხოლო ჯანდაცვის სისტემა - პოლიტიზებულია.

„ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.

ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა... 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში...“ - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4901 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 4743 იყო, 46 389 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 723-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG