Accessibility links

site logo site logo

დენის შმიგალი: "უნდა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობა"


"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზეც. კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის სრულფასოვანი წევრობის დაჩქარების საკითხები ევროკავშირსა და ნატოში“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

„დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა 22 აგვისტოს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შმიგალის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მათ განიხილეს ის ერთობლივი ნაბიჯებიც, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება.

დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს - უკრაინა-საქართველო-მოლდოვა - საქმიანობის ფორმატის დაფუძნება ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა.

„რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს ხმარდაჭერას და განსაკუთრებით ახლა, ყირიმის პლატფორმის დაფუძნების ჭრილში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტზე, შესაძლებლობას მოგვცემს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ აუცილებელია კონსოლიდირებული ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზეც. კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის სრულფასოვანი წევრობის დაჩქარების საკითხები ევროკავშირსა და ნატოში“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინა საქართველოს არა მხოლოდ მეგობარია, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც და საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი დ აქვე გამოვხატავ მადლიერებას მათი მტკიცე მხარდაჭერისათვის. ხვალ მე მივიღებ მონაწილეობას ინიციატივაში, რომელიც უკავშირდება ყირიმის პლატფორმის შექმნას, კიდევ ერთხელ შევაფასებთ ყირიმის დროებით ოკუპაციას“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დენის შმიგალთან შეხვედრაზე მათ ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც:

„უკვე 13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინის, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ბორდერიზაცია გრძელდება და ეს იწვევს საერთო შეშფოთებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ დამფუძნებელ სამიტში, რომელიც 23 აგვისტოს კიევში გაიმართება.

სამიტში მონაწილეობენ 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის - ევროკავშირი, ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG