Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტი გრიგოლი ვაქცინაციაზე: მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა


22 აგვისტოს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და შენიშნა, რომ როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა და ორაზროვანი განწყობები, გამორიცხული არ არის, იგივე არსებობდეს სასულიერო პირებს შორისაც.

მისი განცხადებით, ამ საკითხში უპირველესი მქადაგებლები მედიცინის მუშაკები არიან.

როგორც ჩვენ მქადაგებლები ვართ ქრისტეს სახარებისა, ასევე უპირველესი მქადაგებლები და მომწოდებლები ჯანდაცვის სისტემის მუშაკები არიან. თვით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში არის აზრთა სხვაობა და ეს ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს. ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ სივრცეებს აჩენს სხვადასხვა სპეკულაციისთვის. ვინც ცდილობს, რომ საერთოდ რელიგიურ ჭრილში განიხილოს ეს ამბავი, მე ამას სერიოზულად არ შევხედავდი. ყველას უნდა სიცოცხლე, უბრალოდ ერთნი ხედავენ სიცოცხლის გადარჩენას აცრაში, მეორენი კი აუცრელობაში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა და დაამატა, რომ „მხოლოდ ეკლესიაზე არ იქნება სწორი ჯოხის გადატეხვა“.

„სამართლიანები უნდა ვიყოთ ყველა შემთხვევაში. თავისთავად ცხადია, როცა ექიმებში არსებობს დაბნეულობა, და ორაზროვანი განწყობები არსებობს, გამორიცხული არ არის, არსებობდეს იგივე სასულიერო პირებს შორისაც“.

მიტროპოლიტმა გრიგოლმა მედიასთან საუბრისას ისიც თქვა, რომ მას დღემდე არაერთი ვაქცინა აქვს გაკეთებული და სწორედ მათი წყალობით გადაურჩა ბევრ ისეთ დაავადებას, რომელსაც შეიძლება წაეღო მისი სიცოცხლე“:

„გამონაკლისი არც დღევანდელობა არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განმარტება, მეტი არგუმენტები, მეტი დამაჯერებლობაა საჭირო, თორემ არაპროფესიონალურად მოწოდება, რომ აიცერით... ხან ისეთი არგუმენტი ითქმება, რომ უმეცარ კაცსაც შეიძლება გაეღიმოს. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რომ გაძლიერდეს და შეძლოს მართოს ვითარება ისე, რომ უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი დაავადებული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG