Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა - სამოქალაქო სექტორი


სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა. განცხადების ხელმომწერების თანახმად, სასამართლოს რბილი დამოკიდებულება ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი, კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს.

სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა.

„ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას, სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა“.

განცხადების ავტორები ეხმაურებიან ასევე სასამართლო პროცესზე დაზარალებულის ადვოკატისთვის დასწრების უფლების შეზღუდვას პანდემიის საფუძვლით.

„მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

ვახო სანაიამ სამარცხვინო უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მასზე სამ თავდამსხმელს. თუმცა იმის გამო, რომ მათ პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოწურული ჰქონდათ, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სანაიაზე თავდამსხმელები 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ვახო სანაიას თანახმად, მას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. სანაიამ თავდასხმა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG