Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიამ აჭარაში წარადგინა მერობის კანდიდატები


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ აჭარიდან დაიწყო.

„ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომაროებაში, რომ იძულებულები ვართ, რომ ბოლო 9 წლის მიღწევები (რომელიც ბრძოლით არის მიღწეული), დავიცვათ იმ უგნური პოლიტიკიდან, რომელსაც დღევანდელი „ქართული ოცნების“ ბოსები ატარებენ“, - თქვა გახარიამ და დაამატა: - „ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი კულტურა, წარსული, ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეკლესია და, რაც მთავარია, უნდა შექმნას ქვეყანაში სამართლიანი გარემო“.

როგორც გახარია აცხადებს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“.

გიორგი გახარიამ აჭარაში მერობის კანდიდატებად დაასახელა და დაახასიათა თითოეული მათგანი:

  • ბათუმი - ირაკლი მიქელაძე. „იურისტი, განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. როდესაც ჩვენ ვეძებდით ბათუმის მერობის ღირსეულ კანდიდატს, ირაკლი აღმოვაჩინეთ გერმანიაში“, - თქვა გახარიამ და დაამატა, რომ მასთან ფასეულობებით იმდენად ახლოს არის, რომ ხანგრძლივი საუბარი არ დასჭირვებია.
  • შუახევი - შალვა გოგიტიძე. როგორც გახარია ამბობს, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში საქმიანობის. აღსანიშნავია, რომ შალვა გოგიტიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს იკავებდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას.
  • ხელვაჩაური - ჯუმბერ ბერიძე. გახარიას თქმით, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სფეროში მუშაობის. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ბერიძე 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მას წლების განმავლობაში ეკავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა.
  • ქედა - ელგუჯა ნაკაშიძე. ის საჯარო სფეროში წლების განმავლობაში საქმიანობდა. იყო აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი.
  • ქობულეთი - ირაკლი ბერიძე. იურისტი, აგროტექნოლოგი. გახარიას თქმით, „ის არის ადამიანი, რომელიც 2010 წლიდან ჩართულია პოლიტიკურ პროცესში და ყოველთვის ღირსეულად ემსახურებოდა ქობულეთს და ქობულეთელებს“.
  • ხულო - გია აბულაძე. პროფესიით ექიმი, უცხოეთში აქვს განათლება მიღებული.

პარტიის „საქართველოსთვის" ღონისძება გააპროტესტეს მოძრაობა „სირცხვილიას““ და პარტია „დროას“ აქტივისტებმა. მათ გიორგი გახარიას გაახსენეს 2019 წლის 20 ივნისი და ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორი ია კერზაია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG