Accessibility links

site logo site logo

პანკისში დაკავებულთა საქმე: სუს-მა ვიდეო და აუდიომასალა გაავრცელა


ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებულთა საქმეზე „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვიდეო და აუდიომასალას ავრცელებს.

სუს-ის ვერსიით, „საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას".

სუს-ის ინფორმაციით, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახური მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ამავე განცხადებით, ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

ერთ-ერთი დაკავებულის, რამაზ ქავთარაშვილის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქმის მასალები 8 ტომისგან შედგება და მასში შედის როგორც ვიდეომასალა, ასევე ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, ე.წ. კრეფსები, რამდენიმე მოწმის ჩვენება და სხვა საპროცესო დოკუმენტები (დაკავების ოქმები, განჩინებები და ა.შ.).

ადვოკატის თქმით, ამ საქმის დეტალებზე მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს, ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG