Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 მსჯავრდებულს კორონავირუსი აქვს


პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა.

სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ-19, 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა, მათი ნაწილი კლინიკაში გადის მკურნალობას, ნაწილი კი სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები კი სპეციალურ სივრცეში განათავსეს.

„კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში უტარდებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, შემდგომი დაკვირვების მიზნით, ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში არიან მოთავსებული . მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები სპეციალურ საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ქსნის N15 დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით არის სიცრუე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

სამსახურის ინფორმაციითვე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.

ერთჯერადად ვაქცინირებულია მსჯავრდებულთა 66 %, სულ 6248 მსჯავრდებული, ორჯერადად კი, 55%, ჯამში - 5 234.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG