Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: საპასუხო საჰაერო დარტყმამ "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრი გაანადგურა


აღმოსავლეთ ავღანეთში აშშ-ის უპილოტო აპარატით განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ მოკლა ექსტრემისტული გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრი, - განაცხადეს აშშ-ის არმიის წარმომადგენლებმა 28 აგვისტოს. თავდასხმა მოჰყვა ქაბულის აეროპორტთან განხორციელებულ სისხლიან აფეთქებას, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა "ისლამური სახელმწიფოს" ადგილობრივმა დანაყოფმა.

აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაზე მიტანილმა იერიშმა მოკლა აეროპორტის ტერაქტის დამგეგმავი და შემსრულებელი პირები, - თქვა გენერალ-მაიორმა ჰენკ ტეილორმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, შეტევის შედეგად დაიჭრა "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ერთი წევრი, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. უპილოტო აპარატით განხორციელებული შეტევის შესახებ ტეილორს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საპასუხო დარტყმა შედგა ორ დღეზე ნაკლებ დროში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული ტერაქტიდან, რასაც ემსხვერპლა 170-მდე ადამიანი, 13 ამერიკელი სამხედროს ჩათვლით. თვითმკვლელმა მოიერიშემ აეროპორტზე იერიში მაშინ მიიტანა, როცა იქ თალიბანის მიერ ავღანეთის დაპყრობის შემდეგ ქვეყნის დატოვების მოსურნე ათასობით ადამიანი იყო თავშეყრილი.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბი მანამდე აცხადებდა, რომ უპილოტო აპარატით განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო "ისლამური სახელმწიფო - ხორასანი", დანაყოფი, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა აეროპორტის ტერაქტზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ "ისლამურ სახელმწიფო - ხორასანს" სამაგიერო მიეზღვებოდა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის გამო. "ჩვენ არ დავივიწყებთ. გიპოვით და სამაგიეროს გაზღვევინებთ", - თქვა ბაიდენმა 26 აგვისტოს, თეთრი სახლიდან ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში.

აშშ-ის არმია 27 აგვისტოს აცხადებდა, რომ ქაბულიდან ევაკუაციის პროცესს - რომელიც 31 აგვისტომდე უნდა დასრულდეს - კვლავ ემუქრება
"სარწმუნო საფრთხე".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG