Accessibility links

site logo site logo

COVID-19: ევროკავშირი "უსაფრთხო სიიდან" აშშ-ის ამოღებას აპირებს


ევროპის კავშირი აპირებს, შეზღუდვები შემოიღოს აშშ-იდან ვიზიტორების რაოდენობაზე მას შემდეგ, რაც ამერიკაში მკვეთრად იმატა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი 30 მაისს გამოაცხადებს აშშ-ის ამოღებას იმ ქვეყნების „უსაფრთხო სიიდან“, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირში მოგზაურობა შეუძლიათ დამატებითი შეზღუდვების - კარანტინისა და აუცილებელი ტესტირების - გარეშე.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირმა აშშ-ის გარდა შეიძლება ამოიღოს „უსაფრთხო სიიდან“, არიან კოსოვო, ისრაელი, მონტენეგრო, ლიბანი და ჩრდილოეთი მაკედონია.

ბრიუსელის გადაწყვეტილება მხოლოდ რეკომენდაციაა და კავშირის ინდივიდუალურ წევრ ქვეყნებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა პირობებით შეუშვან საკუთარ ტერიტორიაზე უცხოელები.

ევროკავშირის მრავალი წევრი იცავს რეკომენდაციებს, ზოგს კი საკუთარი პოლიტიკა აქვს. ისინი, მაგალითად, ითხოვენ სრულად ვაქცინაციის ან ინფექციის შემდეგ გამოჯანმრთელების საბუთს.

ევროკავშირის უმეტესმა წევრმა ქვეყანამ ივნისში გაუხსნა საზღვრები ამერიკელებს იმის იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობდა მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიას. მას შემდეგ აშშ-ში ინფიცირების რიცხვმა კვლავ მკვეთრად იწყო ზრდა ძალზე გადამდები Delta შტამის გამო.

კიდევ ერთი გარემოება, რაც ამოძრავებს ევროკავშირს, არის აშშ-ის პოზიციაზე პასუხი. აშშ ძირითადად კვლავაც ჩაკეტილია ევროპელებისთვის, მიუხედავად ევროკავშირის ლიდერების ზეწოლისა ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომ გახსნას საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG