Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა შესაძლოა რუსეთთან დაპირისპირებით დასრულდეს


Georgia -- Georgian Basketball team

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შვეიცარიაში დღეს გამართულ წილისყრაზე, ევროპის ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრები რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.

ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებები ორ-ორჯერ (შინ და სტუმრად) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და დაგროვებული ქულების მიხედვით, თითოეული ჯგუფის სამ-სამი საუკეთესო, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მეორე - დასკვნით ეტაპზე გააგრძელებს თამაშს.

მეორე ეტაპიც ჯგუფური პრინციპით ჩატარდება, ოღონდ იქ უკვე ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდება და თითოეულიდან სამ-სამი უძლიერესი (სულ 12 ნაკრები) მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

თუ საქართველოს ნაკრები პირველ ეტაპს გაივლის, მაშინ მეორე ეტაპზე ჯგუფში ისევ ორ ყოფილ თანაჯგუფელთან ერთად მოხვდება, ოღონდ მეტჯერ აღარ დაუპირისპირდება, რადგან მათთან ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ძალაში დარჩება. თითოეული გუნდი მხოლოდ სხვა ჯგუფიდან შესულ სამეულს შეხვდება, ისევ შინ და სტუმრად პრინციპით. უკვე ცნობილია, რომ პირველი ეტაპის G ჯგუფი, სადაც საქართველო, ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა არიან, მეორე ეტაპზე დაუპირისპირდება H ჯგუფში მოთამაშე იტალიას, რუსეთს, ნიდერლანდებსა და ისლანდიას შორის სამ საუკეთესოს. ამრიგად, ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს ბრძოლა და იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი და იტალია ჯგუფების უმთავრესი ფავორიტები არიან, დიდი შანსია, ფინალურ ეტაპზე გამსვლელი მესამე საგზურის ბედი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში გადაწყდეს.

ევროპის ოცდათორმეტ ნაკრებს შორის თორმეტ უძლიერესს თხუთმეტთვიანი მარათონი გამოავლენს. პირველი ეტაპის შეხვედრები 2021 წლის 22 ნოემბრიდან 2022 წლის 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მეორე ეტაპის - 2022 წლის 22 აგვისტოდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

მსოფლიოს ჩემპიონატს 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სამი ქვეყანა უმასპინძლებს: იაპონია, ინდონეზია და ფილიპინები.

აქვე, პირველი ეტაპის ჯგუფური ეტაპის სრული შედეგი:

A ჯგუფი: სერბეთი, სლოვაკეთი, ბელგია, ლატვია;

B ჯგუფი: ბელარუსია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი;

C ჯგუფი: ხორვატია, შვედეთი, ფინეთი, სლოვენია;

D ჯგუფი: ისრაელი, გერმანია, ესტონეთი პოლონეთი;

E ჯგუფი: საფრანგეთი, პორტუგალია, უნგრეთი, მონტენეგრო;

F ჯგუფი: ბოსნია ჰერცეგოვინა, ლიეტუვა, ბულგარეთი, ჩეხეთი;

G ჯგუფი: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ესპანეთი, უკრაინა;

H ჯგუფი: რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია, იტალია.

მეორე ეტაპზე კი გუნდები ასე დაჯგუფდებიან: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG