Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი: რაში სჭირდება ჩემი მცდელობა, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება


ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება. ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. მე ბევრს დავდივარ, ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით. ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბრიუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მარალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, რომ „ეს არის კლინიკური იდიოტიო“, - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების" შესახებ საუბრისას იხსენებს ივანე კრილოვის იგავს.

„მე ამათგან განსხვავებით სკოლაში კარგად ვწავლობდი და ეს იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მიწვდა ყურძენს („მელა და ყურძენი“)“, - აღნიშნა სააკაშვილმა. როგორც მან განმარტა, ეს არის ივანიშვილის და მისი მთავრობის დამოკიდებულება ევროკავშირთან. „ვინ აძლევდა იმ ყურძენს, ვერ წვდებოდნენ, ვეღარც მიწვდნენ და ვეღარც მიწვდებიან ეს ოროსნები მართლა. რა თქმა უნდა, იტყუებიან. ჯერ ერთი, ეს არის უფასო ფული, რასაც ამბობს ივანიშვილი, ევროკავშირისგან, მაგრამ აღარ აძლევენ ამ ფულს“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, „ევროკავშირის დახმარების არმიღების შემდეგ ვალუტის კურსი კიდევ უფრო დავარდება და უმუშევრობა გაიზრდება. რა თქმა უნდა, მათ ეს დახმარება არ უნდა მიიღონ, იმიტომ, რომ მთლიანად მიდის მათ ჯიბეებში და არაფერი არ აღწევს ქართველ ხალხამდე. ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ესენი ცდილობენ, ჩვენ საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროკავშირს და გადაგვაქციონ რუსულ ჭაობად. ჩვენსა და ევროპას შორის არ უნდა იდგნენ ეს ყაჩაღები. საქართველო იქნება წარმატებული, განვითარებული ევროპული ქვეყანა. ჩვენ ყველანი ამას მივაღწევთ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აპირებენ უარი თქვან ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და უარი თქვან თანხის აღებაზე. ამის მიზეზად მან საგარეო ვალის შემცირება დაასახელა.

"რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც 2020 წელს ავიღეთ და 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება...

ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუშინ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის დახმარებაზე საუბრის დროს, რომლის გამოყოფაზეც შესაძლოა ბრიუსელმა უარი თქვას, განაცხადა, რომ ამას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს".

"ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია", - თქვა კობახიძემ.

28 ივლისს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

საქართველოს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად ევროკავშირმა 180 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების მობილიზება მოახდინა. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარმ მიშელმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შესახებ და საქართველოს შეთანხმების ერთგულება შეახსენა, ამ კონტექსტში მან ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გაესვა, რომ რეფორმები ახლა საჭიროა ისე, როგორც არასდროს, მიკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს შეთანხმებებისა და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულება“, - დაწერა შარლ მიშელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG