Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია ამბობს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ მოთხოვნად პრეპარატს, ტოცილიზუმაბს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რა შემთხვევაში გამოიყენებენ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებისთვის ტოცილიზუმაბს, რომელიც ბოლო პერიოდია მოთხოვნადი მედიკამენტი გახდა. მისი თქმით, "ქუჩაში" და "ფეისბუკში" ამ მედიკამენტის მოძიება არის დამაზიანებელი ყველა მხარისთვის.

"​ტოცილიზუმაბი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მკაცრი ჩვენებების შემთხვევებში, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში. ტოცილიზუმაბის გამოყენება ქვეყანაში დაიწყო ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში.

ბოლო პერიოდში მეტი მონაცემები გაჩნდა ტოცილიზუმაბის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ჩვენებები ამით არ შეცვლილა - ისევ ძალიან მკაცრი ჩვენებით, მხოლოდ კონკრეტულ რამდენიმე პაციენტს შეიძლება დასჭირდეს...

გარკვეული გეგმაზომიერებით ხდება მედიკამენტის მოწოდება. ის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა, წინასწარ ჰქონდა კლინიკებს უკვე შეკვეთილი და ეს არის ის კლინიკები, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტები ხვდება, რომელიც აქამდეც იყენებდნენ მას.

მოხდა ისე, რომ გარკვეულწილად მედიაკამენტის თაობაზე ფართო მედიასაშუალებებში საუბარს მოჰყვა გარკვეულწილად არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით და ამას გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება ვიღაც ბოროტადაც კი იყენებდეს და ოჯახებს ეუბნება, რომ უნდა იყიდონ ეს მედიკამენტები თავად, იშოვონ და მოიტანონ. ასე მედიკამენტი არსად არ იყიდება.

იმ კლინიკას, სადაც არის მეტი რაოდენობა მედიკამენტის მარაგის, ვთხოვთ, რომ გაანაწილოს სხვა კლინიკებში. ამას ანაზღაურებს სახელმწიფო. არცერთ შემთხვევაში პაციენტმა და მისმა ოჯახმა პრეპარატი გარეთ არ უნდა ეძიოს...

იმდენი დოზა არის ქვეყანაში, რომ მოვახდინოთ მისი გადანაწილება...

ზოგიერთმა კლინიკამ მის გამოყენებაზე შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს იმ მოტივით, რომ "ვცადოთ და იქნებ ჰქონდეს შედეგი". არ არის ეს მისაღები დამოკიდებულება. არ შეიძლება მისი ასე გამოყენება", - თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, მედიკამენტის ყველაზე დიდი მარაგი შესაძლოა ჰქონდეს "რესპუბლიკურ კლინიკას", რომელსაც სთხოვენ, გადაუნაწილოს სხვა დაწესებულებებს.

"ევროპული საქართველოს" წევრი, რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში 25%-ით ნაკლები ადამიანი იღუპება მათთან შედარებით, ვისაც ციტოკინური შტორმისას არ გაუკეთდა ტოცილიზუმაბი.

გარდა დეფიციტისა, ტოცილიზუმაბი ძვირადღირებული პრეპარატია და იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკა და სახელმწიფო ვერ ახერხებენ მის დროულად მოძიებასა და დაფინანსებას, ამ მედიკამენტის შეძენა ყველა მოქალაქისთვის ვერ იქნება ხელმისაწვდომი, ამბობს ვახტანგ კალოიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG