Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე კობერიძე: ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, წარმოუდგენელია, არ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები


ცოტნე კობერიძე, ოთხი ოპოზიციური პარტიის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი
ცოტნე კობერიძე, ოთხი ოპოზიციური პარტიის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი

თბილისის ვიცე-მერის პოსტზე ოთხი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“, ევროპული საქართველოს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ - კანდიდატი, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვება მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს. მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში მართლაც წარმოუდგენელი იქნება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნოს.

რაც შეეხება მის ტანდემს გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელიასთან, გადაცემის წამყვანის მიერ დასმული კითხვის პასუხად, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ მათი ტანდემი მართლაც რთულად წარმოსადგენია:

„ძალიან განსხვავებული ადამიანები ვართ. პარტიებიც ძალიან განსხვავებულები ვართ. უბრალოდ ერთი ის წარმომიდგენია, რომ სხვა გზა, ერთის მხრივ, არ არსებობს... თუ გვაქვს პრეტენზია, რომ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში რაიმე ფორმით, ეს ფორმა გულისხმობს, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს... თუ კოალიციური ხელისუფლება გვეყოლება, იქ კიდევ უფრო უცნაური თანამშრომლობები შეიძლება ვნახოთ“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ ცოტნე კობერიძემ, რომელმაც გადაცემაში ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, როგორ წარმოუდგენია ნიკა მელიასთან თანამშრომლობა:

„ნიკა მელიაში რაც სიმპათიას იწვევს ჩემში, არის მისი ხასიათი, ხასიათის პოლიტიკოსია, ჯიქურ იცის რაღაცეებზე გაჯიუტება. ჩემნაირი იდეოლოგიის მქონე კაცს, რომლის იდეებიც საკმაოდ რთული გასატანია საზოგადოებაში, რეფორმებს სჭირდება უბრალოდ სწრაფად რაღაცეების გაკეთება. ასეთ რაღაცეებში ასეთი ჯიქური ხასიათის ადამიანი უფრო გამომადგება სათანამშრომლოდ, ვიდრე კლასიკური პოლიტიკოსი. თუ მე იდეებს მივაწვდი და ამ ადამიანს გამოვიყენებ როგორც ჩემთან ერთად მებრძოლს, რომელიც ამას გაიტანს, საკმაოდ კარგი თანამშრომლობა შეიძლება გამოგვივიდეს“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ. მან ხაზი გაუსვა ასევე იმას, რომ ნიკა მელიასთვის იგი იქნება არა ჩვეულებრივი თანამშრომელი, არამედ პოლიტიკოსი, რომლის აზრის გაუთვალისწინებლობასაც მისთვის პოლიტიკური ფასი ექნება.

ოთხი ოპოზიციური პარტიის ვიცე-მერობის კანდიდატად ცოტნე კობერიძე 12 აგვისტოს დასახელდა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე "გირჩ-მეტ თავისუფლებაში" ჩატარებული პრაიმერიზის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოთხი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს", "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "დროას" მერობის კანდიდატი თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა, ხოლო საკრებულის თავმჯდომარეობის კანდიდატი - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG