Accessibility links

site logo site logo

არა ფობიას!: პრემიერის განცხადება აძლიერებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის მუხტს


სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" მიიჩნევს, რომ გუშინ, 3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის "ღირსების მარშთან" დაკავშირებული განცხადება ზრდის საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხს და აძლიერებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობის მუხტს. ერთობლივ განცხადებას ხელს 10 ორგანიზაცია აწერს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული მძლავრი ჰომოფობიური განწყობის ფონზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეიცავს დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო პოპულიზმის ელემენტებს, რითაც იგი ჰომოფობიურ განწყობებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციებს არ გამორჩენიათ პრემიერ-მინისტრის განცხადების ის ნაწილიც, რომელიც 5 ივლისს ძალადობაში მონაწილეთა დასჯას შეეხებოდა:

"მსგავსი განცხადებები ააშკარავებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას- შექმნას დანაშაულზე რეაგირების ილუზია და არ დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორები. ამგვარი მიდგომა კი უპირობოდ ახალისებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობას".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • თბილისი პრაიდი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • უფლებები საქართველო (RG)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს 5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშს" "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია უწოდა.

"მათი [ნაციონალური მოძრაობის] პოლიტიკა არ არის ემოციებზე დაფუძნებული. ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტების: ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი - ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას; ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, კატასტროფული შეცდომა იყო", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამს ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციაში - "თბილისი პრაიდში" შეჭრასა და დარბევაზე.

5 ივლისს, დღეს, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, დედაქალაქი სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს და შეიჭრნენ ლგბტ ორგანიზაციაში. 53 ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში შეჭრისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის, ასევე ლგბტ ორგანიზაციაში შეჭრისთვის დაკავებულია 30 პირი, თუმცა არცერთი ორგანიზატორი.

5 ივლისის დილას, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი იყო დაშავებული, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელია“, მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას.

"რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ… როგორც ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG