Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: „ვართ საფრთხის წინაშე, დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს ჩვენზე“


„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ქუთაისის საკრებულოს ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას იმ საფრთხეზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად:

„თაობებმა დაღვარეს ამ ქვეყანაში სისხლი იმისათვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში დამდგარიყო შეუქცევადად ევროატლანტიკურ გზაზე და ამ ხალხს, რომელიც ჩაბღაუჭებულია ხელისუფლებას და ფულს, უნდა, რომ ამაზე უარი თქვას. ბუნებრივია, რომ თუ დასავლურ კურსზე ამ ქვეყანაში რომელიმე მთავრობა ამბობს უარს, მისი ბუნებრივი მოკავშირე ხდება რუსეთი - ეს არის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ. ამ საფრთხეს ემატება ის, რომ დასავლეთში, ამერიკაშიც, ბრიუსელშიც და ევროკავშირშიც დაიღალნენ უკვე ჩვენი პრობლემებით. ეს არის რეალობა, ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს - 2 ოქტომბერს ეს არის გადასაწყვეტი“.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, რომლის უკანაც იდგნენ აშშ და ევროკავშირი.

„ამით უარი თქვა ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანზე, უარი თქვა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დასავლეთისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ და უარი თქვა ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე. ეს პრაქტიკულად წერია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირმა გაავრცელა. ახლა ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს. მესმის, რომ ფორმალურად ეს არის ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არჩევნები ბუნებრივად იქცა რეფერენდუმად, საით წავა ეს ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვიძლია, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული უამრავი განსხვავებისა, ვცდილობთ, ვთანამშრომლობთ, ვლაპარაკობთ, ვათანხმებთ ერთმანეთთან რაღაცებს და ამ თანამშრომლობის ნაწილია ის, რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარობის ნაწილში. 2 ოქტომბერს ყველა მივდივართ რეფერენდუმზე“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ ქუთაისში საკრებულოს ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG