Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი ბიძინა ჩუმად, აფიშირების გარეშე აძლიერებს ქვეყანას“


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ნაშოვნი მილიარდები, 3 მილიარდი დოლარი, ჩამოიტანა საქართველოში და, მისივე თქმით, 20 წელია, ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აძლიერებს სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას, სააკაშვილმა კი რუსეთის ჯარი დააბრუნა ქვეყანაში 2008 წელს და ომის შემდეგ, მთელი სტრატეგიული ობიექტები და აქტივები გადასცა რუსეთს.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანივშილის 2008 წლის სექტემბრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებია გამოყენებული.

აუდიოჩანაწერით, რომლის აუთენტურობა დადგენილი არ არის, აგვისტოს ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა რუს დიპლომატებთან შუამავლების საშუალებით.

„მე გირჩევდით, თქვენს ტელევიზიას დაუბრუნოთ რეალური სახელი - „რეალტივი“, თქვენ ხართ ჩვეულებრივი „რეალტივი“, ისეთი, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„დღეს თქვენი მმართველია სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია - „რეალტივი“, იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია, ეს არის თქვენი ხელწერა. მოსახლეობას რომ ავუხსნათ, რას ემსახურებოდა თქვენი დამკვეთების და მმართველების მორიგი, სიყალბით გაჯერებული ბინძური პროვოკაცია, ვინც ეს სიუჟეტი გააკეთა, რისი ჩვენება უნდათ მოსახლეობისთვის, რომ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს კონტაქტი ჰქონდა და ცდილობდა რუსეთის ელჩთან კონტაქტს? ეს არის პირველ რიგში მოსახლეობის შეურაცხყოფა, რადგან თქვენ ცდილობთ ამ სიუჟეტებით მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, ამ დროს მოსახლეობა ძალიან კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, თეთრს და შავს, ყველაფერი ფაბრიკაციაა, სიცრუე და აბსურდული ვერსია გაქვთ შემუშავებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG