Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი მზადა პანჯშირში ბრძოლის დასრულება მოლაპარაკებით მოგვარდეს  


აჰმად მასუდის, ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მეთაურის ჯარი. 2021 აგვისტო.

თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა 5 სექტემბერს განაცხადა, რომ ის მიესალმება რელიგიურ სწავლულთა წინადადებას - მოლაპარაკების გზით ბრძოლის დასრულების შესახებ პანჯშირის ხეობაში - ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლ ბოლო კუთხეში - მაშინ, როცა წინააღმდეგობის მოძრაობაც და თალიბანის მებრძოლებიც აცხადებდნენ იქ თავიანთი წარმატების შესახებ.

აჰმად მასუდმა, ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერმა, ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე გააკეთა განცხადება, პანჯშირის ხეობაში მძიმე შეტაკებების შესახებ ცნობების ფონზე.

"ხანგრძლივი მყარი მშვიდობის მისაღწევად, ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა იმ პირობით, თუ თალიბანი ასევე შეწყვეტს თავის თავდასხმებს და საომარ მოქმედებებს პანჯშირსა და ანდარაბში", - თქვა მასუდმა, რომელმაც იგულისხმა ოლქი მეზობელ პროვინციაში, ბაღლანში.

უფრო ადრე, ავღანეთის მედია საშუალებებმა გადმოსცეს, რომ რელიგიურმა სწავლულებმა მოუწოდეს თალიბანს, დათანხმებოდა მოლაპარაკების გზით ბრძოლის დამთავრებას პანჯშირში, რომელიც ქაბულიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდებარეობს.

თალიბანის მხრიდან ამას დაუყოვნებლივი რეაქცია არ მოჰყოლია. ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, როცა აშშ-ის გენერალმა, მარკ მილიმ, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გაფრთხილება გამოთქვა "უფრო ფართო სამოქალაქო ომის" შესახებ ავღანეთში და ეჭვი გამოხატა იმის შესახებ, მოახერხებდა თუ არა თალიბანი ძალების კონსოლიდაციას მაშინ, როცა ის ბრძოლიდან სამთავრობო საქმიანობაზე უნდა გადავიდეს.

პანჯშირში - სადაც თალიბანმა ჩაჭრა ტელეფონის ხაზი, ინტერნეტი და ელექტროგადაცემის ხაზები - შეუძლებელი იყო განვითარებული მოვლენების შესახებ დამოუკიდებელი დადასტურების დაუყოვნებლივ მიღება.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG