Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მკვლევრების თანახმად, დასავლეთის საინფორმაციო საიტებზე მიმდინარეობს პრორუსული გავლენის მოხდენის ოპერაცია


დასავლეთის რამდენიმე გავლენიანი საინფორმაციო ვებსაიტი გახდა სამიზნე პრორუსული გავლენის ოპერაციისა, რომელიც ვებსაიტების კომენტარების განყოფილებებს იყენებს საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებისთვის - ასეთია ბრიტანელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა.

კარდიფის დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ პრორუსული შინაარსის კომენტარებს ხშირად უჩვეულოდ დიდი რაოდენობით მოსდევს მხარდამჭერი პასუხები. ეს კომენტარები, თავის მხრივ, გადაეცემა რუსულენოვან მედიასაშუალებებს და მათზე აფუძნებენ ცნობებს, რომლებიც დასავლეთის საზოგადოების მიერ კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერაზე, ან დასავლეთის მთავრობებით თუ ინსტიტუტებით უკმაყოფილებაზე ყვება.

ოპერაცია, რომელიც, მკვლევრების თქმით, კვლავაც გრძელდება, მიზანში იღებს 16 ქვეყანაში განთავსებულ 32 ონლაინ მედია საშუალებას, მათ შორის Washington Post-ს და Fox News-ს აშშ-ში, და Daily Mail-ს, Daily Express-ს და The Times-ს ბრიტანეთში.

კარდიფის ჯგუფი აცხადებს, რომ მან კომენტარების შესწავლა აპრილში დაიწყო, თუმცა მიმდინარე ოპერაცია მხოლოდ ბოლო ნაწილია დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული კამპანიისა, რომელმაც უნდა გააძლიეროს რუსეთის ნარატივი ლიბერალური დემოკრატიის დასასრულზე და ნატოს ჩავარდნაზე. გამოკვლევის თანახმად, ოპერაციის ფარგლებში ახლახან სცადეს ავღანეთიდან აშშ-ის და ბრიტანეთის ძალების გასვლის პროცესის გამოყენება თავიანთი იდეოლოგიური მიზნებისთვის.

რუსეთი მუდმივად უარყოფს დეზინფორმაციის კამპანიებში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG