Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ამბობენ ხელისუფლებაში სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 სექტემბერს


სააკაშვილის დაანონსებული ჩამოსვლა და „ოცნების“ პასუხი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. „ველოდებით, ველოდებით, ჩამოვიდეს“, - თქვა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა.

შეკითხვაზე, რა მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნამდვილად ჩამოვა, კალაძემ უპასუხა: „სამართლიანობა აღსრულდება“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადება შესაძლო ჩამოსვლის შესახებ შეუსრულებელი დარჩება.

„არასერიოზულია. უკვე მეშვიდე ანონსია გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერცერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და, ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მას არ აქვს საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა ყოფილ პრეზიდენტს „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. ისიც თავისი თანაგუნდელების მსგავსად მას ცრუ დაპირებად მიიჩნევს.

5 ივლისიდან 2 თვის შემდეგ: ვინ და როდის აგებს პასუხს ჯგუფური ძალადობისთვის

5 ივლისს თბილისის ქუჩებში 55 ადამიანის ცემისა და 2 ოფისის დარბევისთვის დაკავებულია 31 ადამიანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოძიებას დამნაშავეები აღარ გამოუვლენია. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლების განცხადებები კვლავ კვებავს ძალადობას - მედია და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები 5 ივლისის შემდეგაც არაერთხელ გახდნენ თავდასხმის სამიზნეები. მათი ნაწილი, ვინც 5 ივლისს თანასწორობის იდეის წინააღმდეგ გამოვიდა ქუჩაში და ევროკავშირის დროშა დაწვა პარლამენტის შენობასთან, ახლა აცრის საწინააღმდეგო, ანტივაქსერულ კამპანიებშია ჩართული. საკანონმდებლო ორგანოს წინ ჯერაც აღმართულია ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია, პარალელურად მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფისთვის ფულად სანქციებს აწესებს. ძალადობრივი ჯგუფები 20 სექტემბერს აქციას გეგმავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მანამდე გაათავისუფლონ დაკავებულები, თუკი წინასაარჩევნოდ არეულობა არ სურთ ქვეყანაში.

5 ივლისიდან ორი თვის შემდეგ სახალხო დამცველს კვლავ არ აქვს თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომა - მედიაში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ის პროკურატურისგან ითხოვს, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ძალადობის ორგანიზატორების მიმართ და ასახელებს ზურაბ მახარაძეს და სპირიდონ ცქიფურიშვილს. ნინო ლომჯარიას თქმით, „ალტ-ინფოს“ წამყვანი, ზურაბ მახარაძე ორგანიზებას უწევდა ძალადობრივ აქციას, დეკანოზი სპირიდონი კი საჯაროდ მოუწოდებდა ძალადობისკენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

საქართველოს პარლამენტში იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

პარლამენტში დღეს საშემოდგომო სესიები იწყება. პირველ საკითხად საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაა დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ინიცირებული კანონპროექტი ადგენს მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იან საარჩევნო ბარიერს და მანდატების პროპორციული განაწილების წესს.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა რაოდენობა მცირდება 7-დან 4-მდე. გარდა ამისა, შემდეგი გენერალური პროკურორები აირჩევიან კვალიფიციური უმრავლესობით, ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა, გენერალური პროკურორის ასარჩევად საკმარისი იქნება პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები უკვე მოეწყო ქუთაისსა და თბილისში.

წაიკითხე მეტი.

სკოლა კახეთში, სადაც დრო გაჩერდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის სკოლას წელს სამი პირველკლასელი ეყოლება. ისინი 15 სექტემბრიდან სწავლას ონლაინ დაიწყებენ, თუმცა მას მერე, რაც კლასში სწავლა განახლდება, მათ საფრთხის შემცველ შენობაში მოუწევთ სიარული.

სკოლის შენობა მთლიანად ამორტიზებულია. გარემონტებულია მხოლოდ ერთი კლასი. ამ ოთახში იღებენ განათლებას პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები. ადგილობრივები თითქმის 30 წელია შენობის რეაბილიტაციას მოითხოვენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.

სოფელი ლეჩური თელავის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიანი დასახლებაა, ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და თელავიდან 24 კილომეტრით არის დაშორებული. ოთხწლიანი სკოლა ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც სოფელში ფუნქციონირებს, თუმცა სკოლა შეიძლება პირობითად ეწოდოს, რადგან შენობის საძირკველი დაზიანებულია, კედლები იშლება, იატაკიც შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩავარდეს.

რატომ ვერ მოხერხდა ათწლეულების განმავლობაში სკოლის გარემონტება? რას ამბობს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი? ვრცლად წაიკითხე გიორგი ალადაშვილის სტატიაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამერიკის მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი დააკავეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა, ის ჯავის რაიონის მაღალმთიან სოფელ ერმანთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. კრამერი საქართველოში ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ ემოგზაურა სამხრეთ კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ და ჩასულიყო შავ ზღვაზე. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან მოხვდა.

ოსური მედიის ცნობით, ჯექსონ პოლ კრამერმა არ იცოდა სამხრეთ ოსეთის არსებობის შესახებ. კრამერი ცხინვალში ოს ჟურნალისტებსაც შეახვედრეს და პრესკონფერენცია გამართეს. დაკავებულმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

ბრიტანელი მკვლევრების თანახმად, დასავლეთის საინფორმაციო საიტებზე მიმდინარეობს პრორუსული გავლენის მოხდენის ოპერაცია

დასავლეთის რამდენიმე გავლენიანი საინფორმაციო ვებსაიტი გახდა სამიზნე პრორუსული გავლენის ოპერაციისა, რომელიც ვებსაიტების კომენტარების განყოფილებებს იყენებს საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებისთვის, - ასეთია ბრიტანელი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა.

კარდიფის დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ პრორუსული შინაარსის კომენტარებს ხშირად უჩვეულოდ დიდი რაოდენობით მოსდევს მხარდამჭერი პასუხები. ეს კომენტარები, თავის მხრივ, გადაეცემა რუსულენოვან მედიასაშუალებებს და მათზე აფუძნებენ ცნობებს, რომლებიც დასავლეთის საზოგადოების მიერ კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერაზე, ან დასავლეთის მთავრობებით თუ ინსტიტუტებით უკმაყოფილებაზე ჰყვება.

ოპერაცია, რომელიც, მკვლევრების თქმით, კვლავაც გრძელდება, მიზანში იღებს 16 ქვეყანაში განთავსებულ 32 ონლაინ მედიასაშუალებას, მათ შორის Washington Post-სა და Fox News-ს აშშ-ში, და Daily Mail-ს, Daily Express-სა და The Times-ს ბრიტანეთში.

წაიკითხე მეტი.

კავკასიის მხატვარი „ჯაშუში“

1831 წელს, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ლუი დაგერი პარიზში ფოტოგრაფიას შემოიტანდა, ნიჭიერი მხატვარი ფრედერიკ დიუბუა კავკასიაში ჩავიდა და თან სახატავი და ეპიკური მისია ჩაიტანა.

დიუბუას - შვეიცარიელ-პრუსიელ კეთილშობილ კაცს - რუსი მეფის ნიკოლოზ პირველისგან კურთხევა ჰქონდა, რუსეთის იმპერიის სამხრეთით მთიანი საზღვრის ჩანახატები გაეკეთებინა. დღეს ეს რეგიონი სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანია.

დიუბუას ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ის სამი წელი, რომელიც მან კავკასიაში მოგზაურობისას გაატარა (ხანდახან მასზე ამბობენ, რომ ჯაშუშობდა) იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ ევროპაში 11 ტომის საკმარისი მასალით დაბრუნდა. პლუს 5 უზარმაზარი, ილუსტრაციებით სავსე ატლასი.

დღეს დიუბუას ჩანახატები ძალიან იშვიათი და სათუთად დაცულია. 2017 წელს, კავკასიაში მოგზაურობის სრული კოლექცია აუქციონზე 154 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. ატლასის სამი ტომი რუსეთის მუზეუმებში უნდა ინახებოდეს, ხოლო ერთი, უცნაური პრეისტორიით, საქართველოს ერთ პატარა ბიბლიოთეკაშია დაცული, განდგომილ რეგიონში, აფხაზეთში.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რადიო თავისუფლებამ შეძლო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან სამი ატლასის ასლები მოეპოვებინა. მადლობა ბიბლიოთეკის გუნდს - ეს სურათები, რომელიც 200 წლის წინანდელია, კრისტალურად სუფთა გამოსახულებით იბეჭდება.

წაიკითხე და ნახე მეტი.

ფარმაცევტული კომპანიების მიერ ექიმების მოსყიდვა ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. ხელისუფლება მოსახლეობას მედიკამენტების გაზრდილი ფასებისგან ვერ იცავს. დარღვეული კანონი, გაზრდილი ფასები, სრული განუკითხაობა - ნახეთ „თავისუფლების მონიტორის“ საგამოძიებო ექსპერიმენტი „მოსყიდული ექიმები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG