Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია მახარაშვილი: „ჯანდაცვის ასოციაციის“ ჩამოყალიბება განაპირობა იმან, რომ სექტორს ბევრი გამოწვევა აქვს


მაია მახარაშვილი, "ჯანდაცვის ასოციაციის" საბჭოს თავმჯდომარე
მაია მახარაშვილი, "ჯანდაცვის ასოციაციის" საბჭოს თავმჯდომარე

სამედიცინო დაწესებულებებმა დააფუძნეს „ჯანდაცვის ასოციაცია“, რომლის მიზანია, შეჯერებული პოზიციით წარდგნენ სახელმწიფოს წინაშე. რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ, მაია მახარაშვილმა განაცხადა, რომ ასოციაციის ჩამოყალიბება განაპირობა ვითარებამ, როდესაც კოვიდპანდემიასთან ერთად, სექტორს ბევრი პრობლემა და გამოწვევა აქვს და მათ გადასაჭრელად სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო:

„კლინიკებს, რა თქმა უნდა, აქვთ კომუნიკაცია სამინისტროსთან. ცალ-ცალკე შეხვედრები, პრობლემების განხილვა, მაგრამ, როგორც წესი, უკუგება, პასუხების მიღება გაფანტულია და მივხვდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ დიდი სფერო და სუფთა საბაზრო პრინციპებით ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ისეთი პრობლემების წინაშე ვდგევართ, რომელიც საერთოა ყველასთვის. ამიტომ ამან შექმნა მოტივაცია, რომ გავერთიანდეთ“, - განაცხადა „დღის საუბრებში“ მაია მახარაშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შესაბამისად მჭიდრო თანამშრომლობაა და გაცილებით მარტივი იქნება ურთიერთობა მაშინ, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებს ერთიანი, შეჯერებული პოზიციები აქვთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზე იმიტომ, რომ ეს კლინიკები არ არის ცალკე მდგომი კლინიკები, რომლებიც თავისთვის რაღაც სამუშაოს ეწევიან. ისინი არიან მთლიანად სისტემის ნაწილი ანუ ფაქტიურად განმახორციელებელი ყველა იმ გეგმის და რეფორმის, რასაც ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო. მით უმეტეს, რომ ამ მომსახურების ყველაზე დიდი შემსყიდველი დღეს სახელმწიფო და სახელმწიფო ბიუჯეტია. თავისთავად მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე საქმე არ გამოვა“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

"ჯანდაცვის ასოციაციის" პრეზენტაცია დღეს, 7 სექტემბერს გაიმართა. ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია. ამ დროისათვის ასოციაციაში გაწევრიანებულია 13 სამედიცინო დაწესებულება/ჰოლდინგი, 80-მდე ჰოსპიტლისა და 35 ამბულატორიული სერვისის მეშვეობით. არსებული ინფორმაციით, "ჯანდაცვის ასოციაციაში" შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლები შეეცდებიან, ერთად გადაჭრან ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემები, მოამზადონ რეკომენდაციები ჯანდაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის დასაგეგმად, ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ გზით შეამცირონ ის ხარვეზები, რაც ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და გაუმჯობესებას აფერხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG