Accessibility links

site logo site logo

ამერიკელ კონგრესმენებს დავით ზალკალიანი შეხვდა


სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, შეხვედრისას განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიკური თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

საქართველოში ვიზიტად მყოფ დელეგაციაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე.

„ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით.

კონგრესმენების ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. კონგრესმენები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში, მათ ასევე მოინახულეს წეროვანში მდებარე საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და მის სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს გაეცნენ.

კონტესმენების ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია. დელეგაციის მასპინძელია საქართველოს პრემიერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG