Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრეგოროვა: გვაინტერესებს რა არის "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი


ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა

ავტორი: ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა

ევროპარლამენტში, კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, საქართველოს მთავრობის ნაბიჯს, რომ არ მიიღებს 75 მილიონი ევროს დახმარებას. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ეს დახმარება სასამართლო რეფორმას უკავშირდებოდა. როგორ აისახება ეს ნაბიჯი ევროკავშირის და საქათველოს ურთიერთობებზე? ანი ჩხიკვაძე, გადაცემისთვის "ხედვა ვაშინგტონიდან", ჩეხ ევროპარლამენტარს, მარკეტა გრეგორევას ესაუბრა.

თქვენ აკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისი არ აიღებს 75 მილიონი ევროს დახმარებას ევროკავშირისგან, როგორ ფიქრობთ რა გავლენას ახდენს ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე?

ერთი მხრივ ძალიან კარგად მესმის, რატომ ხდება ეს, ეს დახმარება კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენასთანაა კავშირში. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიყავით, ერთადერთი, ვისგანაც საქართველოს მთავრობამ სესხი აიღო. საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნიდან სესხებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტზე შეზღუდვაა. ამ ზღვარს მიაღწიეს და გასაგებია, რომ რაიმე უნდა ექნათ. თუმცა, ცოტა არის იყოს შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულად ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით მოიქცნენ ასე, რადგან ის უკავშირდებოდა რეფორმებს, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის გაუმჯობესებას. ევროკავშირს ახლა, რა თქმა უნდა, აშფოთებს ის თუ როგორ გაგრძელდება ეს რეფორმები.

არსებობს მიზეზები, რატომაც არ იღებენ სესხს, თუმცა ამის მიუხედავად, ეს [ნაბიჯი] რეფორმების კუთხით პროგრესს ცუდად წარმოაჩენს, რადგან ამ კუთხით რეალური პროგრესი არ ყოფილა. სესხზე უარის ფონზე, რომლის საფუძველშიც რეფორმების პირობა იყო ჩადებული, ჩვენ გვაშინებს ის, თუ რას ნიშნავს ეს და საით მიდის საქართველო.

როგორ აღიქვამთ ამას: როგორც რეალურ მიზეზს, თუ თავის გამართლებას? ვიცოდით, რომ ნაკლები იყო შანსი ევროკავშირს ეს დახმარება გაეცა საქართველოზე.

ცოტა ალბათ ორივე. ვფიქრობ, რეალური მიზეზიც არსებობს, თუმცა ეს ისეთ დროს ხდება და ისე, რომ ეს პირდაპირ სხვა მიზეზებზე მიუთითებს: რომ საქართველოს მთავრობას არანაირად არ მოუწიოს ამ ფულადი ფინანსური დახმარებით, [საკუთარი] თავის მოტივირება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მათ ივლისში დატოვეს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტს“ ხელი მოაწერა. როგორ ხედავთ შეთანხმებას და მის მომავალს?

ეს ძალიან სამწუხაროა. ეს მხოლოდ ევროკავშირის საზრუნავი არაა, ეს არც მხოლოდ პარტიებს შორის კონფლიქტის საკითხია. [შეთანხმება] უკავშირდება საქართველოს და მისი მთავრობის სურვილს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გასულ წელს გვესმოდა, რომ არსებობდა გეგმები 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე. ამას ვხედავთ ქაღალდზე, თუმცა ნაბიჯებს რომელსაც [ისინი] დგამენ, ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია. ვფიქრობ, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს. ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები, და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები.

ეს დახმარება უკავშირდებოდა სასამართლო რეფორმებს. ახლა საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ამ დახმარებაზე. რა ბერკეტები გაქვთ, გარდა დახმარებისა, რომლითაც შეძლებთ უზრუნველყოფას, რომ საქართველოს მთავრობამ ეს რეფორმები გაატაროს?

არსებობს სხვა შეთანხმებები, რაც გვაქვს და კიდევ სხვა დაფინანსება, რაც საქართველოზე მოდის. საქმე მხოლოდ ამ სესხში არაა. ეს კონკრეტულად ეკონომიკის სტიმულირებას უკავშირდებოდა, პანდემიის შემდეგ.

არსებობს სხვა დახმარებები, ევროკავშირიდან საქართველოში და სხვა შეთანხმებები, როგორიცაა „ასოცირების შეთანხმება“ და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“.

არის პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს ორივე მხარის მიერ. თუ ეს პირობები არ შესრულდება, და დავინახავთ რომ ამ გზით არ მიდიან, ამას ექნება შედეგები. ესაა ის ბერკეტები, რაც გვაქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მას შემდეგ ევროპარლამენტისგან გაისმა კრიტიკა, განაცხადა, რომ „ევროპის სახალხო პარტიას“ საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს, და რომ ევროპარლამენტარები მისი „უფროსები“ არ არიან. რას უპასუხებდით საქართველოს მთავრობას?

[პრემიერი] მართალია, ჩვენ არ ვართ მისი უფროსები, თუმცა ჩვენ ვართ პარტნიორები. მაგრამ, კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე ვთქვი, საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ.

შეთანხმების კრიტიკოსები, აპრილში, როცა მას ხელი მოეწერა, ამბობდნენ, რომ ეს შეთანხმება, ასე ვთქვათ, ძალზედ ამბიციური იყო. ამბიციური რადგან ის „ქართული ოცნებისგან“ მმართველობის მე-9 წელს სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმების გატარებას ითხოვდა, და ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ბრიუსელის ეს გათვლა?

თუ გინდა, რომ რაიმე შედეგი მიიღო, ამბიციური გეგმა უნდა გქონდეს. პროგრესი არასდროს არაა ისეთი, როგორიც შენ გინდა. მაგრამ, შეიძლება გქონდეს საბოლოო მიზანი, რომლისკენაც წახვალ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით. ვფიქრობ, ამბიციური მიზნების ქონა მისაღებია. თან ბრიუსელი აქ საბაზისო საკითხზე საუბრობდა. ფაქტი, რომ ამ კუთხით პატარა ნაბიჯებსაც ვერ ვხედავთ, რა თქმა უნდა პრობლემატურია და სხვა პრობლემებს უკავშირდება.

უნდა გკითხოთ იმაზე, რაც ამ ზაფხულს საქართველოში ვიხილეთ. 5 ივლისს ვნახეთ ასე ვთქვათ „პოგრომები“ LGBT აქტივისტების წინააღმდეგ და შემდეგ ამას ჟურნალისტების ცემა მოჰყვა, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა, არსებული ვერსიით მიყენებული დაზიანებების შედეგად. საქართველოში ხშირად (და ეს გასულ წელსაც ვიხილეთ) „პრაიდის“ კვირეულის დროს რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან აქტივისტებს. და პრობლემა, რომელსაც ვაშინგტონში ხშირად გამოჰყოფენ, არის ის რომ საქართველოს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს და არ აჩვენებს, სურვილს რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. როგორ იყო ეს აღქმული ბრიუსელში?

ბრიუსელისთვის ეს უკიდურესად აღმაშფოთებელი იყო, იმის მიუხედავად, რომ არ ყოფილა გასაკვირი. ეს მეორდება. ყოველ წელს „პრაიდი“ ან ვერ ტარდება ან მთავრობა აცხადებს, რომ არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების ძალადობისგან დაცვა. ეს კი ნამდვილად აღმაშფოთებელი და პრობლემატურია. მნიშვნელობა არ აქვს, ვისზე ვსაუბრობთ, იქნება ეს LGBT თემი, ეთნიკური უმცირესობები თუ ქალები, თუ მთავრობა აცხადებს, რომ ვერ იცავს მის მოქალაქეებს, ეს უდიდესი პრობლემაა და უნდა გადაიჭრას, რა თემთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე.

ამ საკითხს უკავშირდება უფრო ფართო დისკუსია, რომელზეც საჭიროა საუბარი დაიწყოს. ვგულისხმობ სეკულარიზაციას. ეკლესიას დიდი გავლენა აქვს მთავრობაზე. ეს არ უნდა იყოს ასე დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თუ ამ არჩევნებზე, „ქართულ ოცნება“ ვერ მოიპოვებს ხმების 43 პროცენტს, [19 აპრილის] შეთანხმებით საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ამის გათვალისწინებით რა მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნების წინ, იქნება ეს მთავრობის თუ ოპოზიციის მიმართ?

ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ. პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია, ან არ გაჩნდება ამის ეჭვები. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, არ არსებობს სისტემა, რომ ეს ეჭვები გადამოწმდეს და გაკეთდეს დასკვნა არჩევნები მანიპულირებული იყო თუ არა.

მივიღებთ იმ სიტუაციას რაც გასულ წლის შემოდგომაზე ვნახეთ. ამის ხილვა არ გვინდა. თუმცა, თუ რეფორმები არ იქნება, სწორედაც რომ ასე მოხდება.

და ბოლოს, ვაშინგტონში ხშირად ისმის შეფასებები სენატორებისგან და კონგრესმენებიბსგან, რომ საქართველო წინ არ მიდის და რომ დემოკრატია გამოწვევის წინაშეა. თქვენ გასული არჩევნები ახსენეთ, ვიხილეთ ასევე 2018 წლის არჩევნებიც. კრიზისები მეორდება. როგორ აღიქმება საქართველოს ტრაექტორია ბრიუსელში?

გეტყვით, რომ [ის] ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ.

არ ვიცით, საით მიდის [საქართველო]. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი და გეგმა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG