Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საერთაშორისო ინსპექტორებს ბირთვული ობიექტების სათვალთვალო კამერების მომსახურების უფლებას მისცემს


IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი შაბათს თეირანს ესტუმრა
IAEA-ს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი შაბათს თეირანს ესტუმრა

ირანი თანახმაა, რომ საერთაშორისო ინსპექტორებს მიეცეთ უფლება, მოემსახურონ მგრძნობიარე ბირთვულ ობიექტებზე დაყენებულ სათვალთვალო კამერებს და გაგრძელდეს გადაღებები სააგენტოს მეხსიერების ბარათების გამოყენებით.


ამის შესახებ 12 სექტემბერს ითქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს, რაფაელ გროსსა და ირანის ატომური ენერგიის მთავარი უწყების თავკაცს, მოჰამედ ესლამს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

მხარეებს შორის მოლაპარაკება მიზნად ისახავდა დაძაბულობის შენელებას თეირანსა და ირანს შორის, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნიდა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების განახლებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ირანს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ბლოკავდა თავის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტზე დაშვებას და განაგრძობდა 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებით დასაშვებ პროცენტზე ზემოთ გამდიდრებული ურანის მარაგების გაზრდას.


2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, ირანს არ უნდა გაემდიდრებინა ურანი 3,67 %-ზე უფრო მეტად, რაც ბირთვულ იარაღში გამოყენებისთვის სავალდებულო 90%-იან ზღურბლზე მნიშვნელოვნად დაბალია.
მაგრამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ირანი ფლობს 20%-მდე გამდიდრებულ 84,3 კილოგრამ ურანს (მაისში ეს მონაცემი 62,5 კგ-ს აღწევდა). და ასევე 60%-მდე გამდიდრებულ 10 კგ ურანს.

ირანმა აპრილში გამოაცხადა, რომ გეგმავდა ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრებას, 20 პროცენტიდან - პასუხად ნატანზის ობიექტზე თავდასხმაზე, რომელშიც ის ისრაელს ადანაშაულებდა. ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლითაც ირანმა დაარღვია 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ხელშეკრულებიდან გამოიყვანა და ირანს სანქციები აღუდგინა. ხელშეკრულების თანახმად, თეირანს ურანის რაფინირების უფლება მხოლოდ 3.67 პროცენტამდე ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG