Accessibility links

site logo site logo

ენტონი ბლინეკმა სენატში მოსმენების მეორე დღეს კვლავ დაიცვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება


ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო დანაყოფების გაყვანის თაობაზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენების მეორე დღეს, რომელიც მწვავედ კრიტიკული შეკითხვების ფონზე მიმდინარეობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ „დრო იყო, დაგვესრულებინა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი“.

20 წლიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის თაობაზე სახელმწიფო მდივნის გამოსვლას სენატში წინ უძღოდა როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი სენატორების კრიტიკული მიმოხილვა.

დემოკრატმა სენატორმა ნიუ-ჯერსიდან, ბობ მენანდესმა, ამ ნაბიჯს უწოდა „აშკარა და ფატალური შეცდომა“. ხოლო რესპუბლიკელი სენატორი აიდაჰოდან, ჯეიმს რიში მიიჩნევს, რომ ეს იყო „სამწუხარო ჩავარდნა“.


როგორც წინა დღით, ენტონი ბლინკენმა კვლავაც გაიმეორა, რომ ამერიკული სამხედრო დანაყოფის გასვლის პროცესში ის „მუდმივ კონტაქტში“ იმყოფებოდა მოკავშირეებთან. მოსმენების დროს ბლინკენმა სენატორებს უამბო იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად იმ პირობებში, როდესაც რეგიონი დატოვა ამერიკულმა სამხედრო ძალამ.

სახელმწიფო მდივანმა კვლავ გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თალიბებთან მიღწეული შეთანხმება, რომელმაც ენტონი ბლინკენის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენს ხელი შეუკრა. რაც შეეხება ავღანეთის ხელისუფლების ელვისებურ და მოულოდნელ კრახს და 15 აგვისტოს შემდეგ მის დამხობას, ბლინკენმა გაიმეორა, რომ „ყველაზე პესიმისტური შეფასებებიც კი არ მიუთითებდნენ სამთავრობო ძალების კრახზე მანამ ქვეყანაში რჩებოდა ამერიკული სამხედრო ძალა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG