Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარელში მომხდარი მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია - კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის"


კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გმობს“მთავარი არხის” ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას. ორგანიზაცია ქარელში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ 15 სექტემბერს ქარელში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა.

კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. მივმართავთ “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა“,- ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე, სიუჟეტს ამზადებდა, „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. თავად კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

“მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთიას, დამატებითი კვლევების შემდეგ დღეს სახლში გაწერს, ის ქარელის "ევექსის" კლინიკიდან თბილისის, „ნიუ ჰოსპიტალში“ წუხელ გადმოიყვანეს.

"მთავარი არხის" ცნობით" მას მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყი და ნეკნი, დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები. ლევან აბლოთია მკურნალობას ბინაში გააგრძელებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG