Accessibility links

site logo site logo

ელენე ხოშტარია: ამჯერად ოპოზიცია ბევრად კოორდინირებულია, „ოცნება“ კი ბევრად გახლეჩილი


ელენე ხოშტარია, ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე

პარტია „დროას“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ ყველა წინაპირობაა იმისა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის აღება ვერ შეძლოს. გადაცემაში, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ოპოზიცია ბევრად კოორდინირებულია, ხოლო „ქართული ოცნება“ დაქსაქსული:

„ამჯერად „ოცნება“ არის ძალიან დაქსაქსული, ბევრად უფრო გახლეჩილი და ბევრი პრობლემის წინაშე, ოპოზიცია არის ბევრად უფრო გაერთიანებული, ვიდრე წინაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა წინაპირობა არის, რომ მან 43%-ზე ბევრად ნაკლები აიღოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „დღის საუბრებში“. მისი შეფასებით, ოპოზიციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ის, რას სთავაზობს იგი ამომრჩეველს და როგორ შეძლებს ხმების დაცვას. მისივე თქმით, მთავარი, რასაც ოპოზიცია ამომრჩეველს სთავაზობს, კოალიციური მმართველობაა. ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ დღეს არჩევანი დგას არა წარსულსა და დღევანდელობას შორის, არამედ კოალიციასა და ერთპარტიულ მმართველობას შორის:

„მე იმას კი არ ვეუბნები ამომრჩეველს, რომ „ოცნება“ რომ ცუდია, ამიტომ მე მომეცი ხმა, მე ვეუბნები, რომ ერთპარტიული მმართველობა რომ ცუდია, ამიტომ კოალიციას მიეცი ხმა. და ეს კოალიცია ავად თუ კარგად არსებობს. „ლელოც“ კი, რომელიც თბილისში არ არის კოალიციაში, ბათუმში, რუსთავში, მაგალითად, არის. ჭიათურაში აბსოლუტურად ყველა ვართ კოალიციაში. ანუ ასე თუ ისე პარტიების უმრავლესობა, ვინც იბრძვის, არის მომხრე კოალიციური მმართველობის და ამას ვთავაზობთ ხალხს. ამიტომ ეს არის არსებითად განსხვავებული არჩევანი, ვიდრე ადრე გვქონდა, ბიძინა თუ მიშა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან ვრცლად ისაუბრა ასევე ოპოზიციის მიერ საარჩევნო ხმების დაცვის საკითხზე.

„ეს არის ადგილზე დამკვირვებლების კოორდინაცია ერთმანეთში, ეს არის საერთო შტაბი, ასევე სამოქალაქო ცესკო“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, უკვე დაწყებულია ასევე ყოველკვირეული დარღვევის ანგარიშების წერა საელჩოებისა და ჟურნალისტებისთვის. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გამოცდილებამ აჩვენა, რომ პოსტფაქტუმ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი საკმარისი არ არის. მისივე შეფასებით, უკვე ჩანს, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანი არ იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, "ოცნებამ" არჩევნები არ გააყალბოს, ამისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მივიდეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „დღის საუბრებში“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

ცესკოს თანახმად, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 48 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები მიიღებენ. უშუალოდ თბილისის გლდანის რაიონის მაჟორიტარობისთვის 12 სუბიექტის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ესენი არიან:

"მესამე ძალა" - ნანა ტოხვაძე; ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" - რომან მელქაძე; "პატრიოტთა ალიანსი" - იოსებ ზარიძე; "ლელო" - თამარ ადამია; "ლეიბორისტული პარტია" - ტარიელ კალანდარიშვილი; "საქართველო" - გოდერძი ლომთაძე; "გახარია-საქართველოსთვის" - ნათია მეზვრიშვილი; მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" - გია ვარდანაშვილი; "ელენე ხოშტარია - დროა" - ელენე ხოშტარია; "ქართული ოცნება" - კონსტანტინე ზარნაძე; "ანა დოლიძე - ხალხისთვის" - ირაკლი თედორაძე და "მწვანეთა პარტია" - დავით ცხვარიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG