Accessibility links

site logo site logo

Amnesty International-ი: უნდა ჩატარდეს ქაბულზე აშშ-ის დრონით თავდასხმის სრული გამოძიება


უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აშშ-ის არმიის აღიარებას, რომ ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ქაბულზე უპილოტო აპარატით განხორციელებულ საჰაერო დარტყმას 10 უდანაშაულო სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, უწოდებს "დადებით პირველ ნაბიჯს", თუმცა აცხადებს, რომ აშშ-მა ახლა "სრული, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი" გამოძიება უნდა ჩაატაროს ინციდენტის გარშემო.

"ეს აღიარება ქაბულში ხალხის დაღუპვაზე ანგარიშვალდებულების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს", - თქვა ორგანიზაციის კრიზისული სიტუაციების მრჩეველმა, ბრაიან კესტნერმა 17 სექტემბერს. მის განცხადებამდე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 19 აგვისტოს დრონით განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლნენ ჰუმანიტარული სფეროს ერთი თანამშრომელი და მისი ოჯახის ცხრა წევრი.

"ნებისმიერი პირი, ვის გარშემოც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა ეჭვი, სამართლიანი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს", - დასძინა კესტნერმა და ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმას გადარჩენილ პირებს და მსხვერპლთა ოჯახების წევრებს კომპენსაცია უნდა გამოეყოთ.

დრონით განხორციელებული თავდასხმა იყო აშშ-ის არმიის ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯი ავღანეთიდან გამოსვლამდე, 20-წლიანი ომის შემდეგ. თავდასხმა მოხდა ქაბულის აეროპორტიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით, სამ დღეში მას შემდეგ, რაც ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელმა მოიერიშემ იმსხვერპლა 170-ზე მეტი ავღანელი სამოქალაქო პირი და 13 ამერიკელი სამხედრო.

გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ თავდასხმას უწოდა "ტრაგიკული შეცდომა" და თქვა, რომ მას ემსხვერპლა 10 სამოქალაქო პირი, მათ შორის შვიდი ბავშვი - და არა ექსტრემისტები, როგორც არმია პირველადი ანალიზის შემდეგ აცხადებდა. აშშ-ის დაზვერვა თვლიდა, რომ მანქანა, რომელიც მიზანში ამოიღეს, დაკავშირებული იყო ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო - ხორასანის" ექსტრემისტებთან, ამბობს მაკენზი. მისი თქმით, პენტაგონი განიხილავს კომპენსაციის გამოყოფას დახოცილი პირების ნათესავებისთვის.

თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბოდიში მოიხადა ამ "საშინელი შეცდომისთვის". ოსტინი ამბობს, რომ გასცა ბრძანება, გადაისინჯოს გაერთიანებული შტაბის მიერ ჩატარებული გამოძიება და დადგინდეს, რამდენად გათვალისწინებული იყო მასში ყველა კონტექსტი და ინფორმაცია.

თალიბანმა 15 აგვისტოს დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება ქაბულში, რასაც მოჰყვა მასშტაბური საევაკუაციო ძალისხმევა აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან. ქაბულის აეროპორტში დაისადგურა პანიკამ და ქაოსმა, რადგან ათასობით უცხოელი და ავღანელი ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო სისხლიანი ტერაქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა "ისლამურმა სახელმწიფო - ხორასანმა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG