Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე პირი დაიჭრა ავღანეთში მომხდარ აფეთქებებში


ავღანეთიდან ვრცელდება ცნობები 18 სექტემბერს მომხდარი სამი აფეთქების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა აფეთქებამ აღმოსავლეთის პროვინცია ნანგარჰარში, დაიჭრა კიდევ 19 პირი. ინციდენტი წარმოადგენს პირველ სისხლიან თავდასხმას მას შემდეგ, რაც თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ თალიბანმა დაამყარა კონტროლი ომით გაჩანაგებულ ქვეყანაზე.

თვითმხილველების და თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ადმინისტრაციის წევრის თქმით, ჯალალაბადში მომხდარი აფეთქების სამიზნე იყო მანქანა, რომლითაც თალიბანის მეომრები გადაადგილდებოდნენ. დაჭრილებს შორის არიან ქალები და ბავშვები. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

უფრო ადრე ბომბი აფეთქდა დედაქალაქ ქაბულში, რის შედეგადაც დაიჭრა სულ მცირე ორი ადამიანი, - აცხადებს პოლიცია.

თალიბანმა ქაბული 15 აგვისტოს დაიკავა, რითაც დაამხო საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება და გამოვიდა პირობით, რომ ძალადობით მოცულ ქვეყანაში აღადგენდა უსაფრთხოებას. 18 სექტემბრის აფეთქებების შესახებ თალიბანს განცხადება არ გაუკეთებია, თავდასხმებზე ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

უწინ თავდასხმების ამგვარ ტაქტიკას იყენებდნენ თალიბანი და ექსტრემისტული ორგანიზაციის, ისლამური სახელმწიფოს ადგილობრივი დანაყოფი, ისლამური სახელმწიფო - ხორასანი. ამ დაჯგუფების, ისლამური სახელმწიფო - ხორასანის მეომრები ავღანეთის ახალი მმართველების მტრები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG