Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევანის  პრობლემა საქართველოში


ავტორი: მზია ჯღარკავა

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წელი გავიდა. არაერთი ხელისუფლება გამოიცვალა საქართველომ. ხელისუფლების სათავეებთან იყო მდიდარიც, ღარიბიც, ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერი თუ საზღვარგარეთ განსწავლული და დასავლურ ცივილიზაციის ზიარებული პოლიტიკოსები და მათი პარტიები, მაგრამ შედეგი?! დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგაც საქართველოში ისევ არის სერიოზული პრობლემები დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, სიღარიბის, უმუშევრობის და ა. შ. მდგომარეობა გაუარესებულია თითქმის ყველა სფეროში. არაერთი რეფორმა ჩატარდა და მაინც შედეგი იგივე, ხალხისათვის არაფერი არ იცვლება უკეთესობისაკენ ! თუმცა უკეთესობისაკენ იცვლება მხოლოდ მცირე, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფების მდგომარეობა, რომლებიც, ისევ კარგი ცხოვრების დაპირებებით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებზე ზრუნვით, ,,იბრძვიან ‘’ ხალხისათვის დღემდე მიუღწეველი კეთილდღეობისათვის.

რა ქნას ხალხმა?! აირჩია პროდასავლური ძალა, ყოველ შემთხვევაში ასეთი რომ ეგონა და დემოკრატიის მაგივრად ხელში შერჩა ხელისუფლებაში მოსული მცირე ჯგუფების ბატონობა, ბიზნესის რეკეტი, მათი უსამართლობა და დაუსჯელობა, მასობრივად დარღვეული ადამიანის უფლებები, მარტო საპატიმროებში მომხდარი საზარელი დანაშაულებიც რომ გავიხსენოთ, ისიც კი კმარა.

შეცვალა ხალხმა ეს ხელისუფლებაც და ახლა მიენდო მილიარდერს იმ იმედით, რომ ეს ქველმოქმედია, მდიდარია და ახლა ამას რაღად უნდა მშიერი ხალხის ფულო?! საწყალი ხალხი ისევ მწარედ მოტყუვდა, რადგან დაპირებული სიკეთეების მაგივრად, უარესი მიიღო. გაიაფების მაგივრად გაძვირებული გაზი, დენი, ბანკის ვალებში ჩაფლული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რომელიც ამ ვალებს ვერ იხდის. ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 60%-ზე მეტია უკვე ღარიბ-ღატაკი და უმუშევარი (საქსტატი). მილიარდერის ხელისუფლების დროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოში ასეულობით ბავშვი შიმშილით იღუპებოდა. მშიერია ბავშვი, ახალგაზრდა და მოხუცი. უმუშევარს არ აძლევენ ფულად დახმარებას ანუ მშიერია. მოხუცს თავისი პენსია საკვებშიც კი არ ეყოფა. მოუგვარებელ და უფრო გაუარესებულ სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემასთან ერთად ისევ, ეს საბჭოთა გადმონაშთი, კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემა, სისტემური დანაშაული, რომელსაც დღემდე ვერ მოეღო ბოლო. ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა, მოვა თუ არა ხელისუფლებაში, იმის მაგივრად რომ აღკვეთოს სისტემური დანაშაულები, თვითონ ირგებს ამ სისტემას საკუთარი ძალაუფლებისა და ხალხის ხარჯზე მოგროვებული ქონების შესანარჩუნებლად.

ხელისუფლებები თავს იმით იმართლებენ, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, არ აქვს არც ნავთობი და არც გაზი, რომ მდიდარი იყოს და რას ითხოვთ ჩვენგანო?! ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს ყველამ ვიცით, მაგრამ ამ გაუთავებელი ცრუ პროპაგანდით ბევრი ტყუვდება მაინც.

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობენ საქართველოზე უფრო პატარა ქვეყნებიც, რომლებიც მსოფლიოში მდიდარი ქვეყნების ათეულში არიან. არც მათ არ აქვთ არც გაზი და არც ნავთობი, საქართველოზე უფრო ნაკლები რესურსებიც კი აქვთ, მაგრამ პატიოსანი ხელისუფლებებისა და სწორი პოლიტიკის გატარებით მაინც მიაღწიეს წარმატებას!

განა გასაკვირი არ არის, რომ ზემოთ ხსენებულ, სხვადასხვა დროს ხელისუფლებაში მოკალათებულ პარტიებს ისევ რომ აქვთ რეიტინგები! რა სჭირს ხალხს?! რატომ აკეთებს არჩევანს ისევ იმაზე, ვინც არაერთხელ მოატყუა და გაძარცვა?! უკეთესს ვერ ხედავს და იმიტომ აკეთებს არჩევანს ხან "ვაიზე" და ხან "უიზე"?! საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ნამდვილად არიან პოლიტიკოსები და პარტიები, რომელთაც მართლაც ადარდებთ ხალხის ბედი და იციან, თუ როგორ გამოიყვანონ ქვეყანა ჩიხიდან და უზრუნველყონ მოსახლეობის ღირსეული ცხოვრება, თუმცა სწორედ ასეთ პოლიტიკოსებს არ სწყალობს არც მედია და არც ბიზნესი, რომელიც ,,შემოწირულებებით ‘’ ავსებს მხოლოდ საკუთარ პირად კეთილდღეობაზე მზრუნავ პარტიებს, რადგან ასეთებისგან იღებს დაპირებასა და შესაძლებლობას, რომ მათთან ერთად, ამ ბიზნესმაც მიიღოს სარგებელი, თუნდაც არაადამიანურ პირობებში მყოფი ხალხის ხარჯზე !

რაც შეეხება ეროვნულ იდეოლოგიას, აქაც გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბევრი პრორუსული ძალაა მოხერხებულად ამოფარებული ამ იდეოლოგიას. მათი გამოცნობა ადვილია. საკმარისია, რომ დაუკვირდეთ მათ დამოკიდებულებას ოკუპაციასთან, რუსეთთან და მაშინვე მიხვდებით, თუ ვისთან გაქვთ საქმე.

იმისათვის, რომ ხალხმა მიაღწიოს კეთილდღეობას მან უნდა ისწავლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისაგან გარჩევა! გამოსავალი არის და ესაა სწორი არჩევანის გაკეთება არჩევნებზე ! ენდეთ მხოლოდ იმას, ვისაც არ მოუტყუებიხართ, ვისაც იცით, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები, ვინც გონიერია და მართლაც ადარდებს საკუთარი ქვეყნის მომავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაუსრულებელ, მოჯადოებულ პოლიტიკურ წრეზე მოუწევს ქვეყანას ისევ ტრიალი !

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG