Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა სიმონიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: რევოლუცია და რევოლუციური სცენარი ნამდვილად არ გვქონია გეგმაში


ნიკა სიმონიშვილი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე
ნიკა სიმონიშვილი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ორგანიზაციის მიმართ. გადაცემაში მან განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც "საია" თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს ასაჩივრებს, რევოლუციურ სცენარს არ ითვალისწინებდა:

"რას ვაპირებდით და რა გვქონდა გეგმაში? რევოლუცია და რევოლუციური სცენარი ნამდვილად არა და არც არავისთან კავშირი არ გვქონია და უბრალოდ ახლა იმის მტკიცებას, რომ რომელიმე პარტიასთან კავშირში არ ვართ, რა თქმა უნდა, მე არ დავიწყებ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა, რომელმაც „დილის საუბრებში“ გამოთქვა მოსაზრება, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანი საია-ს მიმართ ნდობის შემცირება იყო. მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას გეგმავს, აზრსმოკლებულია. ნიკა სიმონიშვილმა „დილის საუბრებში“ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ განცხადება ისე გააკეთა, რომ სარჩელს გაცნობილიც არ იყო. ნიკა სიმონიშვილმა გადაცემაში დააზუსტა, რომ საია-ს სარჩელი 2 ოქტომბრის არჩევნებს საერთოდ არ ეხება:

„ამ არჩევნებს ვერ ეხება. აქ არის ნორმა გასაჩივრებული, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2-3 წელში მიიღებს. ამის შემდეგ კანონმდებელმა უნდა იმოქმედოს, კანონი უნდა შეცვალოს და ამ ყველაფერს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გავლენა ექნება შემდეგ, 2025 წლის არჩევნებზე. ამდენად, ამ არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს და რა რევოლუციურ სცენარზეა საუბარი, მე საერთოდ არ მესმის. თუ პოლიტიკურ გავლენას ვერ ვახდენ ამ არჩევნებზე, მაშინ რანაირად შეიძლება ვისაუბროთ, რომ მე რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ინტერესს ვატარებ“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა, რომლის თანახმადაც, სარჩელში ორგანიზაციას გასაჩივრებული ნორმების შეჩერების მოთხოვნაც არ დაუყენებია:

„ეს მოთხოვნა რომ დაგვეყენებინა, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ეთქვა ბატონ კობახიძეს, რომ თურმე რაღაც პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაგვიყენებია, შეგნებულად არ დავაყენეთ იმიტომ, რომ ამ არჩევნებს არავითარი საფრთხე არ შექმნოდა“, - აღნიშნა მან. ნიკა სიმონიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არჩევნების წინ მიმართვის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მოხდა გააზრებულად, რათა არჩევნების შემდეგ სარჩელის შეტანა შედეგებთან არ მიბმულიყო და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო.

საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელით 18 სექტემბერს მიმართა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ვინაიდან, მაგალითად, საბურთალოზე მცხოვრები ამომრჩევლების რაოდენობა 2,5-ჯერ აღემატება, მაგალითად, მთაწმინდის ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს ამომრჩევლის ხმის წონა 2.5-ჯერ მცირდება მთაწმინდის ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით, რადგან ორივე რაიონი ირჩევს თითო დეპუტატს თბილისის საკრებულოში.

საია-ს საკონსტიტუციო სარჩელს 19 სექტემბერს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნება“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირებს „რევოლუციურ სცენარს“ და ადანაშაულებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემის შექმნაში.

"ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელი თავისი სახელით შეიტანა. მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა.

შემაშფოთებელია, რომ ის, „რაც ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG