Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება გმობს რუსეთის დუმის არჩევნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას


რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ეს ნაბიჯი მიჩნეულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯად. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

„ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG