Accessibility links

site logo site logo

დამკვირვებლების ნაწილი მოსკოვში ონლაინკენჭისყრის შედეგების გადათვლას ითხოვს


არჩევნების სადამკვირვებლო საზოგადოებრივი შტაბი გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას ტექნიკური ჯგუფი, რომელიც გადაითვლის სახელმწიფო დუმის არჩევნებზე მოსკოვში ონლაინკენჭისყრით მიღებულ შედეგებს. ამის შესახებ განაცხადა სადამკვირვებლო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსეი ვენედიქტოვმა.


წინადადება გულისხმობს ელექტრონული კენჭისყრის ყველა ელემენტსა და გრაფიკზე ღია დაშვებას. ამასთან, ვენედიქტოვის თქმით, აღნიშნული ღონისძიება არის მხოლოდ უბრალო „შემოწმება“ და ხმების გადათვლას არ ექნება იურიდიული ძალა.

მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიამ კი განაცხადა, რომ ელექტრონული კენჭისყრის შედეგების გადათვლა შეუძლებელია და ეს საკითხი, არსებული საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში, დღის წესრიგში „პრინციპში“ არც შეიძლება დადგეს.

მოსკოვის საარჩევნო ოლქში ელექტრონული კენჭისყრის შედეგებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიცია და დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შედეგები გაყალბდა, რადგან ოფლაინკენჭისყრის დროს მოსკოვის თხუთმეტსავე საარჩევნო ოლქში ლიდერობდა კანდიდატი, რომელიც „ჭკვიანი კენჭისყრის“ მიერ იყო წამოყენებული.

მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ინტერნეტში გამოჩნდა კენჭისყრის შედეგები, ყველა ოლქში გამარჯვებულები შეიცვალნენ.

ოპოზიციას და დამკვირვებლებს ეჭვი აღუძრა იმ ფაქტმა, რომ ელექტრონული კენჭისყრის შედეგების გამოცხადება რამდენჯერმე გადაიდო და ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ არჩევნებიდან ნახევარი დღის შემდეგ.

რუსეთში 17-19 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 450-წევრიან დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტია "ერთიანმა რუსეთმა". მას პროპორციული სიით და ერთმანდატიანი ოლქებიდან, სავარაუდოდ, 315 დეპუტატი ეყოლება.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 4-მა საარჩევნო სუბიექტმა, ესენია: „კომუნისტური პარტია“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები-სიმართლისთვის“ და „ახალი ხალხი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG